• Geo
  • Eng
23.09.2013
კოლხეთი ხობი VS დინამო თბილისი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, დინამო თბილისისა და პირველი ლიგის წარმომადგენელის – ხობის კოლხეთს პირველი მერვედფინალური შეხვედრა 25 სექტემბერს ფოთში გაიმართება. ხობის კოლხეთთან ნათამაშებ შეხვედრებში დინამოელებს კოლოსალური უპირატესობა აქვთ – 5 მატჩი და 5 მოგება, ბურთების შეფარდება 15:3 არის.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისი და ხობის კოლხეთი ერთმანეთს პირველად 1990 წლის 6 მაისს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები ზაზა რევიშვილმა და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.

 

1990 წლის 15 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ხობის კოლხეთი დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხა. ხობელთა კარში სამი გოლი გაიტანა გია გურულმა, თითო ბურთი კი ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა შეაგდეს.

 

1991 წლის 12 მაისს დინამო ხობს სტუმრობდა. მასპინძელთა ტრიბუნებიდან მსაჯზე ზეწოლის გამო ჩვენ გუნდს ტექნიკური მოგება – 3:0 ჩაეთვალა.

 

1991 წლის 3 ნოემბერს დინამომ ხობის კოლხეთი ორბურთიანი სხვაობით – 4:2 დაამარცხა. ხობელთა კარში ორი გოლი გაიტანა ზაზა რევიშვილმა, თითო გოლი კახა კაჭარავამ და რევაზ არველაძემ გაიტანეს.

 

დინამოსა და ხობის კოლხეთს შორის უკანასკნელი მატჩი 1992 წლის 30 მაისს შედგა. დაპირისპირება დედაქალქელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024