• Geo
  • Eng
20.09.2013
ვიტ ჯორჯია VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 21 სექტემბერს მცხეთა პარკზე დინამოელთა და ვეტერინართა დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად შეხვედრის ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

 

ჩვენი მეტოქე

 

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, მცხეთა პარკზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლის მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში (0:6, 0:0) ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა შეძლეს. საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამო 1:2 დამარცხდა.

 

მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია

 

ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2013 წლის აპრილიდან ზურაბ ბერიძე გახლავთ. 2012/2013 წლების სეზონის პირველ ეტაპის შემდეგ, ვიტ ჯორჯიამ გათამაშების მეორე ნახევარი ქვედა ექვსეულში გაატარა. გასავარდნ ზონაში მყოფი ვიტ ჯორჯია ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა და მასთან ერთად გუნდი საფეხბურთო ელიტაში დარჩა. მიმდინარე სეზონში ვიტ ჯორჯიამ 5 ჩატარებული მატჩიდან 2 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 2 თამაში კი – საყაიმო ანგარიშით. საჩხერის ჩიხურასთან მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში – 0:2 დამარცხდა. ზურაბ ბერიძის შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში 5 ჩატარებულ თამაშში მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანეს, სანაცვლოდ კი 3 გაუშვეს. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ვიტ ჯორჯიას აჩაბეთის ლიახვს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა სფფ–ს გადაწყვეტილებით ლიახვი ტურნირიდან მოხსნეს და 1/8 ფინალის საგზური გუნდმა უბრძოლველად მოიპოვა.

 

დინამომდე

 

ვიტ ჯორჯიამ მიმდინარე სეზონში დინამოსთან შეხვედრამდე 5 ოფიციალური მატჩი გამართა. ვეტერინარებმა უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩი ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს 3:0 სძლიეს, მომდევნო შეხვედრა გუნდმა სტუმრად ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ ფრედ – 0:0 ითამაშა, მესამე ტურში ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან – 0:2 დამარცხდა. უმაღლეს ლიგაში რიგით მეორე მატჩი ვიტ ჯორჯიამ მარტვილის მერანის წინააღმდეგ – 3:0 მოიგო. უკანასკნელ ტურში ვიტ ჯორჯიამ სტუმრად, ბოლნისის სიონთან ფრედ – 1:1 ითამაშა.

 

 

ვიტ ჯორჯია VS დინამო

 

დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  47 ჩატარებულ შეხვედრაში 17 მატჩი დინამომ მოიგო, 11 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 18 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ 58:39 არის. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირება ამ შედეგით 11–ჯერ  დასრულდა. ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს დინამო და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ ფრედ – 1:1 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში ჩისკო მუნიოსმა ანგარიში მატჩის მეოთხე წუთზე გახსნა, თუმცა ვეტერინარმა ლაშა გრაბრიჭიძემ 20–ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და დაპირისპირების საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან ფეხბურთელები არ გამოტოვებენ. ვეტერინარები კი 20 წლის მცველს, ოთარ ჯავაშვილს მოისაკლისებენ, რომელსაც მიმდინარე სეზონში 3 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.

 

ვიტ ჯორჯია VS დინამო – მსაჯი

 

მცხეთაში გასამართ ვიტ ჯორჯია – დინამოს სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და კ. ტეფნაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს. უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასლეჰლომ დინამოს მონაწილეობით იმსაჯა ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. დედაქალაქელი ფეხბურთელები ქობულეთში, ლანჩხუთის გურიასთან დამარცხდნენ. ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად მიმდინარე წლის 27 აპრილს იმსაჯა. მცხეთა პარკზე გამართული ვიტ ჯორჯია – დინამო ბათუმი ვეტერინართა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა.

 

ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი – ადამაძე, გეთიაშვილი, კასრაძე, მჭედლიშვილი – დავლაშელიძე, კორიფაძე, ღიბრაძე – წყაროზია, ჯანელიძე, სიჭინავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024