• Geo
  • Eng
09.07.2013
დინამოს პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადება

მინდა მივმართო დინამოს ერთგულ გულშემატკივარს და ზოგადად ფეხბურთის ყველა მოყვარულს. ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებას მინდა დავამატო, რომ მე დიდ პატივს ვცემ დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს, ბევრ მათგანთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაუგებრობაში შეიყვანეს (შესაძლოა, რომ სხვა ხელმომწერების შემთხვევაშიც ასე იყოს). ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ, ჩემი დინამოში მოსვლის დღიდან  ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ბევრ სხვადასხვა სახის ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ. დღემდე ძალიან თბილად მახსოვს ის საღამო, როცა ჩვენ ყველანი ერთად დინამოს ისტორიული გამარჯვების 30 წლისთავს აღვნიშნავდით, რომელიც დიდი ემოციებით იყო დატვირთული, ისევე როგორც თუნდაც ორიოდე დღის წინ მათთან ერთად დინამო მოსკოვის ვეტერანების მასპინძლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

საერთოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კლუბის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა, რასაც სამწუხაროდ გარკვეული პოლიტიკური ელფერი მიეცა. იმ დროს, როცა დინამოს სტუმრობდა კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეი შევჩენკო, რომლებმაც ჩვენი აკადემიის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა და თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საფეხბურთო აკადემიას მომავალი თაობების აღზრდაში, ამაზე ზედმეტია საუბარი. ისევე როგორც ის, რომ ამდაგვარი ტიპის აკადემია პირველად გაიხსნა საქართველოში. ასევე ძალიან საინტერესო იყო დინამო მოსკოვთან გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად და ამ დონის მეტოქესთან გაჯიბრება ნამდვილად წაადგებათ ჩვენ ბიჭებს, როგორც სპორტული ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები თავიდან ბოლომდე სპორტული დატვირთვით იყო გამსჭვალული და ის, რომ რუსეთთან კულტურული, სპორტული და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აღდგეს და განვითარდეს, მემგონი არავისთვის ნეგატიურ ასოცირებას არ იწვევს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დინამოს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას და მინდა შეგპირდეთ, რომ სულ მალე დინამო ბევრ სიხარულს მოუტანს თავის ქალაქს და ქვეყანას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024