• Geo
  • Eng
06.05.2013
დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს 8 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. დინამო არენაზე, საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 46–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 9 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94/37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. რუსთავული კლუბის კარში დინამოელებს შეხვედრაში საშუალოდ 3,24 გოლი აქვთ გატანილი. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.

საქართველოს თასზე დედაქალაქური კლუბი მეტალურგს მეხუთედ დაუპირისპირდება. თასისკენ მიმავალ გზაზე დინამოსა და მეტალურგის შეხვედრა პირველად 2006 წელს გაიმართა, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა თბილისში გამართული პირველი მატჩი 3:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით 2:3 დათმეს, ორმატჩიან დაპირისპირებაში კი 5:3 იმარჯვეს.

მესამე სათასო შეხვედრაში დინამოელებმა რუსთავულ კლუბს 2009 წლის 30 მაისს აჯობეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. სტადიონზე მისული 12 000 მაყურებელის თანდასწრებით გამარჯვებული ვერც დამატებულმა ორმა ტაიმმა გამოავლინა, პენალტების სერიაში კი გიორგი ნერგაძემ, ლევან ხმალაძემ ზუსტად დაარტყეს – ალექსანდრე კოშკაძემ და დანილო ტომიჩმა დარტყმები გააცუდეს, მეტოქე გუნდიდან კი გიორგი ონიანის, ლევან ჭელიძის, გოგი ფიფიას და თენგიზ ჩიკვილაძის ცდა ამაო გამოდგა. 2:0 პენალტების სერიაში დინამოელები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლნენ.

ბოლოს ეს გუნდები, თასზე ერთმანეთს 23 აპრილს დაუპირისპირდნენ. გათამაშების ნახევარფინალის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით  2:1 დასრულდა. ჯაბა დვალმა შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. შემდეგ რომან ახალკაცმა მოახერხა ანგარიშის გატანაბრება. საბოლოო ანგარიში 2:1 კი დავით საჯაიამ დააფიქსირა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024