• Geo
  • Eng
02.05.2013
მოსაზრება სფფ- ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე #10), შპს "საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის" ფეხბურთელი- ფრანჩისკო მუნიოსი დისკვალიფიცირებულ იქნა 3 მატჩით სფფ- ს ეგიდით გამართულ ოფიციალურ შეჯიბრებებში და დაჯარიმდა 500 ლარით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ- ს სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო სფფ- ს სადისციპლინო კოდექსის 97 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამ პუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული თუ რა ქმედება ისჯება 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით, კერძოდ, "მოთამაშის ან კლუბის ოფიციალური პირის აგრესიული ქცევა მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ, ანუ გადამეტებული ძალის ან სიხისტის გამოყენება მეტოქის წინააღმდეგ, არა ბურთის მოპოვებისათვის და/ან სხვა პირის მიმართ, მათ შორის განზრახ ბიძგი და დარტყმა – ისჯება 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით".

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩათვალა, რომ ჩისკომ განზრახ დაარტყა ან უბიძგა მოწინააღმდეგე ფეხბურთელს არა ბურთისათვის ბრძოლაში და მას ამის გამო შეუფარდა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა, ანუ სხვა სახის სანქციის გამოყენება ჩისკოს ქმედებისათვის  კომიტეტს არც შეეძლო.  როგორც მოგეხსენებათ 2 მატჩის გამოტოვების შემდეგ "დინამომ" მიმართა ფედერაციას შუამდგომლობით, რის უფლებასაც ჩვენ გვაძლევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი,  ამ პუნქტით "დინამომ" როგორც დაინტერესებულმა პირმა იშუამდგომლა კომიტეტის წინაშე, გამოტანილი სპორტული სანქციის შესრულების შეჩერების თაობაზე.

კერძოდ:

სფფ- ს სადისციპლინო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "სპორტული სანქციის შესრულება შეიძლება შეჩერებულ იქნეს იურიდიული ორგანოს გადაწყვეტილებით, თუ პირისთვის დაკისრებული სპორტული სანქციის ვადა შეადგენს არანაკლებ 2 მატჩს ან 1 თვეს და არაუმეტეს 5 მატჩს ან 6 თვეს და თუ ეს დასაშვებია საქმის გარემოებებით, კერძოდ, დამრღვევი პირის წარსული იძლევა ამის საშუალებას", ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად კი "სპორტული სანქციის შესრულების შეჩერება დასაშვებია სასჯელის არანაკლებ ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ".

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან და სადისციპლინო კოდექსის ამონარიდებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა სანქციის შეჩერების თაობაზე სავსებით სამართლიანი გახლდათ და კომიტეტს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, მაშინ რატომ არსებობს ამგვარი მუხლები სადისციპლინო კოდექსში თუ მათი გამოყენება მაინც არ ხდება, ან რატომ და რა კრიტერიუმებით იღებენ კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებებს. სასურველია, რომ მსგავსი საკითხები უფრო კვალიფიციურად იქნას განხილული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024