• Geo
  • Eng
09.03.2013
ჯაბა დვალი – ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა

დინამო არენაზე გამართული დინამო 3:0 ზუგდიდის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ჯაბა დვალს ვთხოვეთ, რომელმაც მატჩის 73–ე წუთზე დღევანდელი დაპირისპირების საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

 

ჯაბა დვალი – ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და სასიამოვნოა, რომ პირველივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. დღეს ჩვენს მოედანზე ვთამაშობდით და ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებულნი გამოვედით მოედანზე – შესაბამისად კონცენტრაციაც მეტი იყო. აქედან გამომდინარე პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ და სამი ქულაც ავიღეთ.

 

მომდევნო მატჩი კი ლანჩხუთის გურიასთან გვაქვს. გურია პირველი ლიგის ლიდერია და მეტოქე სათანადოდ უნდა შევაფასოთ. ლანჩხუთში რთული თამაში გველის. გურიაში არაერთი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, გუნდი კარგად არის შეთამაშებული, რაც 1/8 ფინალურ ეტაპზე ზესტაფონთან გამართულ ორ რაუნდიან დაპირისპირებაშიც კარგად გამოჩნდა.

 

ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ორივე გათამაშება წარმატებით დავასრულოთ.

 

სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ბოლომდე გვერდში გვიდგანან და მათთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორივე გათამაშებაზე ოქროს მედლები მოვიპოვოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024