• Geo
  • Eng
25.02.2013
დინამო–2 ბენდელას თასის მფლობელია

ბენდელას თასის ფინალურ შეხვედრაში დინამო–2 ქუთაისის ტორპედოს მეორე გუნდს დაუპირისპირდა. საბურთალოს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩის პირველი წუთიდან სათამაშო უპირატესობა დინამოელებმა მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა ანგარიში დებიუტშივე გახსნა. მერვე წუთზე დინამოს ფეხბურთელებმა კუთხური მოაწოდეს, ტორპედოს მცველებმა ბურთის მოგერიება მოახერხეს, გადმოვარდნილ ბურთზე თამაშისას კი ყველას ჯაბა ჯიღაურმა დაასწრო, ზუსტად დაარტყა და ანგარიში 1:0 გახდა.


მატჩის 37–ე წუთზე მეტოქემ ნიკოლოზ ახვლედიანის გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 1:1, გუნდები შესვნებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.


ფინალური შეხვედრის მეორე ნახევარიც პირველი ტაიმის მსგავსად, დინამოელთა კარნახით წარიმართა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან დინამოელთა აქტიურობას ჯარიმა მოჰყვა. 57–ე წუთზე დანიშნული სტანდარტიდან ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად დაარტყა და დინამოელები კვლავ დააწინაურა – 2:1. მატჩის საფინალო რეზულტატი კი 67–ე წუთზე დაფიქსირდა, დინამოელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 3:1 და დინამო–2 ბენდელას თასის 2013 წლის გათამაშების ჩემპიონია!

 

დინამო–2 3:1 ტორპედო–2


გოლები: 1:0 ჯიღაური 8’
1:1 ახვლედიანი 37’
2:1 კვეკვესკირი 57’
3:1 გელაშვილი (ავტოგოლი) 67’

დინამო: სეფიშვილი, სამხარაძე, გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, რეხვიაშვილი (სარიშვილი 75’), ჯიღაური (მახარობლიძე 86’), დიასამიძე (ფოცხვერია 46’), პარუნაშვილი (ჯიშკარიანი 82’), ჩაფიძე (რუხაძე 46’), შინდაგორიძე (ზივზივაძე 46’)

 


ტორპედო: კუპატაძე, მამასახლისი, სანდოხაძე, გელშვილი (ლობჟანიძე 80’), ქიქავა, კუსიანი, პეტავა (ჩიხლაძე 88’), მარკოზაშვილი, ტვილდიანი (მარგველაშვილი 55’), ახვლედიანი (კაკუშაძე 53’), გავაშელიშვილი


ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა გამარჯვებული გუნდი და გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს.

 


კონსტანტინე სეფიაშვილი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, სანდრო გურეშიძე გათამაშების საუკეთესო მცველად იქნა აღიარებული. ალექსანდრე რეხვიაშვილს მაყურებლის სიმპატიისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა, ლაშა პარუნაშვილმა ბენდელას თასის 2013 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024