• Geo
  • Eng
29.10.2012
დინამო vs მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

ოთხშაბათს 31 ოქტომბერს, ეროვნული პირველობის მეთორმეტე ტურში დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

დინამო და რუსთავის კლუბებს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე 45– ჯერ შეხვედრია. ამ ურთიერთშეხვედრებში დინამო საგრძნობ უპირატესობას ფლობს. სულ თბილისელები 8– ჯერ დამარცხდნენ, 9 შეხვედრა დამთავრდა ფრედ, ხოლო 28 შემთხვევაში დინამოელებმა სათამაშო მოედანი თავაწეულებმა დატოვეს. ბურთების შეფარდება 91–37 თბილისელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა სამჯერ მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 4–0. მეოთხე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. მეშვიდე ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც 1996 წლის 12 აპრილს დედაქალაქში გაიმართა და 2009 წლის 13 სექტემბერს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეხუთე ტურში. ეს თამაში კოკისპირული წვიმის თანხლებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. გასვლით შეხვედრაში დინამომ ყველაზე დიდი ანგარიშით 1996 წლის 29 აგვისტოს იმარჯვა. მერვე ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა ანგარიშით 6–2 დასრულდა. ყველაზე დიდი ანგარიშით კი დინამომ მეოთხე ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში მოიგო. 1993 წლის 3 ივნისს დინამომ მეტოქე 12-4 გააანადგურა.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც რუსთავში ფოლადის სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1–0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 42– ე წუთზე ხმალაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024