• Geo
  • Eng
28.09.2012
დინამო vs სიონი – ურთიერთშეხვედრები

30 სექტემბერს, დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის თბილისელები 16 ქულით გათამაშების პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბოლნისელები შვიდი ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე არიან.

დინამო და ბოლნისის სიონი ეროვნულ ასპარეზზე  47–ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და აშკარა უპირატესობას მტკვრისპირელები ფლობენ. თბილისელებმა 39–ჯერ დატოვეს მოედანი გამარჯვებულებმა, ითამაშეს ოთხი ფრე და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 111/20 დინამოს სასარგებლოდ. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა ბოლო წლებში ამ გუნდების შეხვედრა დაძაბულად  მიმდინარეობს. ნათამაშები ოთხი ფრიდან, სამი შეხვედრა უგოლოდ, ხოლო ერთი მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა. ბოლნისელთა გამარჯვებიდან აღსანიშნავია 2–0 მოგება თბილისში, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში 2009 წელს. თბილისელებმა 38 გამარჯვებიდან დიდი ანგარიშით თორმეტი შეხვედრა დაასრულეს. ამათგან მეშვიდე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 1996 წელს, დინამომ ბოლნისელებს 8–0 მოუგო. 1998 წელს მეათე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა ისევ რვა ბურთი გაიტანეს მეტოქის კარში, თუმცა ერთი ბურთი საპასუხოდაც მიიღეს. ყველაზე დიდი სხვაობა კი  2000 წელს, მეთორმეტე ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში დაფიქსირდა, როდესაც დინამომ სიონი ცხრა უპასუხო ბურთით დაამარცხა.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 22 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 1–0 დასრულდა. გამარჯვების გოლი ბოლნისელთა კარში 90– ე წუთზე, ირაკლი ძარიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024