• Geo
  • Eng
14.09.2012
15 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 15 სექტემბერს, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის დილა თბილისის დინამოს უმასპინძლებს. გორელები ჩვენს გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში მიიღებენ და მატჩი 16.00 საათზე დაიწყება.

15 სექტემბერს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ხუთი შეხვედრა აქვს გამართული. დინამომ ხუთივეში იმარჯვა, ხოლო რაც შეეხება ბურთების ბალანსს 16/2 თბილისელთა სასარგებლოდ. 1990 წელს დინამომ ხობში ადგილობრივი კოლხეთი ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა. გურულის სამ გოლს, რევიშვილმა და ყაველაშვილმა თითო მიამატეს. 1996 წელს ასევე გასვლაზე თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო 4–2 დაამარცხეს. მატჩში ხომერიკმა გამოიჩინა თავი, ხოლო დემეტრაძემ ჰეთ–თრიქი შეასრულა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის გორდას უმასპინძლა. ბურდულის, შაშიაშვილის და დარასელიას გოლებით მეტოქე 3–0 დაამარცხა. ასევე სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა დინამომ ცხინვალის სპარტაკთან 2007 წელს. ხაჭიპერიძის ავტოგოლს სპასოევიჩმა და აკირემმა თავისი გოლები მიამატეს. 2010 წელს კი იგივე სპარტაკი ხმალაძის გოლით 1–0 დაამარცხა ჩვენმა გუნდმა.

სსრკ–ს პირველობაზე 15 სექტემბერს დინამომ რვა თამაში გამართა. აქედან ხუთში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთხელ დავმარცხდით. ბურთების ბალანსი 16/6. 1946 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტს უმასპინძლა და 3–1 დაამარცხა. გოლები შეხვედრაში ანთაძემ (ორი) და პაიჭაძემ გაიტანეს. 1957 და 1961 წლებში მტკვრისპირელებმა მინსკის სპარტაკი და ტაშკენტის პახტაკორი ერთნაირი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. პირველ შემთხვევაში ორ–ორი გოლი ხასაიამ და იამანიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში თავი გამოიჩინეს მესხმა, კალოევმა, იამანიძემ და ზეინკლიშვილმა. 1963 წელს მოსკოვის ცსკამ 3–0 დაამარცხა დინამო. 1971 წელს ერევანში ადგილობრივი არარატი მანუჩარ მაჩაიძის გოლით დავამარცხეთ. 1973– ში თბილისში მინსკელ სეხნიებს ვუმასპინძლეთ და ოთხი უპასუხო ბურთით ვაჯობეთ. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი გივი ნოდიამ გაუტანა ბელარუსებს. 1974 და 1979 წლებში დნეპროპეტროვსკის დნეპრთან და მოსკოვის სპარტაკთან ორი უგოლო ფრე ითამაშა ჩვენმა გუნდმა.

ევროასპარეზზე დინამო თბილისმა 15 სექტემბერს სამი მატჩი გამართა. 1976 წელს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში დინამო კარდიფ სიტისთან დამარცხდა ანგარიშით 0–1. 1982 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში თბილისელებმა იტალიურ ნაპოლის უმასპინძლეს. ხიზანიშვილისა და შენგელიას გოლებით დინამომ 2–1 იმარჯვა. 1998 წელს ასევე უეფას თასის 1/32 ფინალში ჰოლანდიურმა ვილემ II სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა ჩვენი გუნდი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024