• Geo
  • Eng
22.08.2012
25 აგვისტო დინამოს ისტორიაში

შაბათს 25 აგვისტოს, ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ბათუმის დინამო თბილისის დინამოს უმასპინძლებს. ბათუმელები ჩვენს გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში მიიღებენ და მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.

25 აგვისტოს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს გამართული. 1996 წელს თბილისელებმა დინამო არენაზე სამტრედია დიდი ანგარიშით 6–0 დაამარცხეს. გოლების გატანა იაშვილმა (ორი), კერძევაძემ, დემეტრაძემ, ინალიშვილმა და ხომერიკმა მოახერხეს. 2002 წელს მცხეთაში გასვლაზე გამართულ შეხვედრაში, დინამომ ვიტ ჯორჯიასთან ფრედ 1–1 ითამაშა. გოლი კი სახვაძემ გაიტანა. 2007 წელს მერებაშვილის და სპასოევიჩის გოლებით დინამომ ბორჯომი ანგარიშით 2–1 დაამარცხა. ასევე მერებაშვილმა გამოიჩინა თავი 2009 წელს გამართულ მატჩში, როდესაც გაგრას ორი გოლი გაუტანა. დინამომ ის შეხვედრა ორი უპასუხო გოლით მოიგო.

სსრკ–ს პირველობაზე 25 აგვისტოს დინამომ ოთხი თამაში გამართა და ოთხივე გასვლაზე. აქედან სამში ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსი 2/5. 1937 წელს თბილისელები მოსკოვს ესტუმრნენ და ადგილობრივ მეტალურგთან 0–1 დამარცხდნენ. 1946 წელს იმავე ანგარიშით კუიბიშევის კრილია სოვეტოვმა დაამარცხა ჩვენი გუნდი. 1963 წელს დინამო თბილისმა ალმა–ათაში კაირათი ანგარიშით 2–1 დაამარცხა. ორივე გოლი ბარქაიას ანგარიშზეა. 1986 წელს კი ერევანში არარატმა ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა მტკვრისპირელები.

ევროპის ლიგის თასზე დინამომ შარშან ბერძნული აეკ– ის წინააღმდეგ იასპარეზა. პლეიოფის დაძაბული შეხვედრა, რომელშიც დინამო კოშკაძის გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრედ ანგარიშით 1–1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024