დღეს დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. გოლი მატჩის მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
მატჩის მე-80 წუთზე აღსანიშნავი ფაქტი მოხდა ჩვენი ნაკრებისთვის. შეხვედრაში სწორედ გოლის ავტორის სანაცვლოდ, დინამოელი 16 წლის საბა ხარებაშვილი ჩაერთო, რომელიც ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია.
ეროვნული ნაკრების მაისურით კი თავისი ბოლო მატჩი გიორგი ლორიამ ჩაატარა. გოლკიპერმა 79-ე შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა და ისე დაემშვიდობა გულშემატკივარს. 17 წელი საქართველოს დროშით, 79 მატჩი და 30-ჯერ მშრალად შენახული კარი.