დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა.
მატჩი ორი განსხვავებული ტაიმით წარიმართა. დედაქალაქელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მაღალი რიტმი შესთავაზეს მასპინძლებს. გოლი დინამომ მე-19 წუთზე გაიტანა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ირაკლი იაკობიძემ შორეული კუთხისკენ გაუგრძელა მიმართულება, იქ კი ლეო ასუნსეუმ ყველას დაასწრო და 0-1. ბრაზილიელი ფეხბურთელი დინამოელთაგან გორელთა კარში გატანილი მე-200 გოლის ავტორი გახდა. პირველ ტაიმში დინამო ბევრს უტევდა და კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლო წუთზე კი დილამ შეძლო გათანაბრება, გოლი შოთა შეყილაძის ანგარიშზეა. დილას ფორვარდმა მეორე ტაიმის სტარტზეც გაიტანა 2-1 და გორელები დააწინაურა. ერთ მომენტში სტუმართა კარი ძელმაც იხსნა, მატჩის ბოლოსკენ კი მსაჯმა წითელი ბარათი ჯაბა კანკავას უჩვენა. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა. დინამოს რიგებში კი მანამდე კიდევ ერთი დებიუტი შედგა. ლურჯ-თეთრი ფორმა ახალგაზრდა საბა ნიორაძემ მოირგო.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი