• Geo
  • Eng
19.05.2025
ურთიერთშეხვედრები იბერიასთან

საფეხბურთო კლუბი იბერია-1999 (ადრე საბურთალოს სახელით ასპარეზობდა, 2024 წლიდან კი დღევანდელი სახელით გამოდის) 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა (მანამდე ბენდელაზე გამოდიოდნენ) და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა, წელს კი მიხეილ მესხი არენაზე მიიღებს სტუმრებს. იბერიის საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში იბერიას დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში იბერიამ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0-1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა იბერიამ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო 2018 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ამ წარმატებას გუნდმა 2019 წელს საქართველოს თასი შემატა. იბერიელებმა ფინალში ლოკომოტივს 3-1 აჯობეს და 2020 წელი გუნდმა სუპერთასის მოპოვებით გახსნა. 2021 წელი კი ჩვენმა მეტოქემ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო 2022 წელს მეექვსეზე გავიდა. 2023 სეზონი იბერიამ მე-6 ადგილზე დაასრულა, სამაგიეროდ გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა დაამარცხა რა ბათუმის დინამო 1-0. 2024 იბერიისთვის ოქროს სეზონი გამოდგა, თბილისურმა გუნდმა მეორედ ისტორიაში მოიპოვა ოქროს მედლები.

 

ურთიერთშეხვედრები

 

ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 35-ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. 19 შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა და 11 იბერიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 57/35 დინამოელთა სასარგებლოდ.

 

2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს გახლდათ ამ ორი გუნდის სადებიუტო დაპირისპირებაში გატანილი სადებიუტო გოლი. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4-0 იმარჯვა. დინამოს კიდევ ორჯერ აქვს იმავე ანგარიშით მოგებული. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა (გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს იბერიას) და 2021 წლის 12 მაისს დინამოზე (ზორან მარუშიჩის დუბლი, თორნიკე ახვლედიანი და გიორგი გაბედავა).

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ იბერიას 2017 წლის 17 ივნისს, პეტრო არენაზე მოუგო. 5-0 დასრულებულ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

 

ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი 2021 წლის 14 მარტს გამართული მატჩი გამოდგა. დინამომ საბურთალოს 4-3 ზორან მარუშიჩის (2), გიორგი გაბედავას და გიორგი პაპავას გოლებით მოუგო.

 

სამბურთიანი სხვაობით იბერიამ ორჯერ მოუგო დინამოს. 2017 წლის 23 აპრილს სტუმრებმა 4-1 აჯობეს ლურჯ-თეთრებს (ერთი გოლი ლაშა თოთაძის ანგარიშზეა), ხოლო 2024 წლის 25 აგვისტოს იბერიამ 3-0 მოიგო.

 

დინამოსა და იბერიას დაპირისპირებაში კი ყველაზე პოპულარული ანგარიში, რომელიც 7-7 ჯერ დაფიქსირდა გახლავთ 1-0 და 2-1.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025