• Geo
  • Eng
25.04.2025
ორი დინამო ერთმანეთს ფრედ დაცილდა

25 აპრილს ეროვნული ლიგის მეათე ტურში ერთმანეთს ორი დინამო დაუპირისპირდა. დინამო არენაზე გამართული მატჩი საინტერესოდ, დაძაბულად და თვალსასეიროდ წარიმართა.

სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და მთელი მატჩის მანძილზე არ გაუშვიათ ხელიდან, აი საგოლე მომენტების რეალიზება კი... პირველივე წუთებზე ხიფათი ცოტნე ბერელიძის შორეულმა დარტყმამ გამოიწვია, ბურთი სტუმართა კარის ხარიხამ მოიგერია. ცოტახანში საბა ხარებაშვილის სახიფათო ჩაწოდებას მათე ვაწაძე ვერ შეწვდა, შემდეგ ვახო სალია ამწვავებდა ეპიზოდს, მაგრამ უშედეგოთ. ჯაბა კანკავას ძლიერად დარტყმული ბათუმელთა გოლკიპერმა კუტხურზე მოიგერია. მეორე ტაიმი იმავე სცენარით და უფრო მეტი სიხისტით გაგრძელდა. ბათუმელთა იშვიათი კონტრშეტევა კი პენალტით, დასრულდა. სადაო მომენტი არბიტრმა გადაამოწმა და აზრი არ შეიცვალა. ბლესას დარტყმამ კი 71-ე წუთზე ზღვისპირელები დააწინაურა. დედაქალაქელებმა კიდევ უფრო უმატეს შეტევებს, შეცვლაზე შემოსულმა თემო ოდიკაძემ ძლიერადაც დაარტყა ახლო მანძილიდან, თუმცა ლუკა ხარატიშვილმა განმუხტა მომენტი. გოლის გატანა ნიკოლოზ ქუთათელაძესაც მართებდა, ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შეყოვნდა და დარტყმამაც სიზუსტე დაკარგა. მორიგ შეტევაში 88-ე წუთზე სტუმართა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თორნიკე მორჩილაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან სხვაობა აღადგინა 1-1. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 29 აპრილს წყალტუბოში, ადგილობრივ სამგურალთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025