• Geo
  • Eng
12.02.2024
ჩვენი მეტოქე - დინამო კიევი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე ტესტ მატჩს ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი და უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კიევის დინამო გაუწევს. მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

 

დინამო კიევი 1927 წელს დაარსდა. კიეველთა საკლუბო ფერები ლურჯი და თეთრია. საშინაო მატჩებს დინამო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს, რომელის ტევადობაც 70 000 მაყურებელზეა გათვლილი. დინამო კიევი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და დღეისათვის ჩვენს გუნდთან ტანდემში ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია. კიეველები მიმდინარე უკრაინის ჩემპიონატში 14 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ, თუმცა წინ მყოფ გუნდებთან შედარებით სამი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

 

დინამო კიევმა 13- ჯერ (რეკორდი) მოიგო სსრკ-ს ჩემპიონატი, 11-ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი და აიღო სამი ბრინჯაო. ლურჯ-თეთრებმა 9-ჯერ აღმართეს ბროლის თასი და სამჯერ სსრკ-ს სუპერთასი. დინამო უკრაინის რეკორდსმენია 16-ჯერ მოპოვებული საჩემპიონო ტიტულით და 13-ჯერ მოგებული ეროვნული თასით. უკრაინის სუპერთასის მოგება კიეველებმა 9-ჯერ იზეიმეს. საერთაშორისო არენაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორჯერ 1975 და 1986 წლებში უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1975 წელს დინამო კიევმა უეფას სუპერთასიც აღმართა, დსთ-ს თასი კი ოთხგზის მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დინამო სამჯერ 1977, 1987 და 1999 წლებში ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 2009 წელს კი იმავე სტადიაზე ევროპა ლიგაზეც იასპარეზა.

 

დინამო კიევი თურქულ შეკრებაზე 21 იანვრიდან იმყოფება და ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა. 26 იანვარს კიეველები ბალკანისთან 0-2 დამარცხდნენ, 29 იანვარს ლეგიასთან დათმეს 1-3, მომდევნო დღეს კი პახტაკორს 5-1 აჯობეს. 2 თებერვალს ბულგარულ ლევსკისთან მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგეს, 8 თებერვალს ლიევაიას 5-2 მოუგეს და 9 თებერვალს შკენდიას დაუზავდნენ 1-1. კიეველები 12 თებერვალს რიგას (რიგის საფეხბურთო სკოლა) ესპარინგნენ და 1-0 დაამარცხეს ლატვიელები.

 

დინამოელთა თავკაცის პოსტზე ახლო წარსულში გამორჩეული გოლკიპერი, 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ოლექსანდრ შოვკოვსკი მუშაობს.

 

ფოტო: დინამო კიევის სოც. მედია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024