• Geo
  • Eng
08.02.2023
ჩვენი მეტოქე - რიგა

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მერვე და ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ვირსლიგის მეორეადგილოსანი - რიგა იქნება.

 

საფეხბურთო კლუბი რიგა 2014 წელს დაარსდა და 2016 წლიდან ლატვიურ ვირსლიგაში ასპარეზობს. გუნდი საშინაო მატჩებს 8 000-იან სკონტოს სტადიონზე ატარებს, საკლუბი ფერები კი თეთრი და ლურჯია.

 

რიგამ ლატვიის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა, მიჯრით - 2018, 2019 და 2020 წლებში. 2018 წელს რიგამ დუბლი შეასრულა, მოგებულ პირველობას ლატვიის თასიც მიმატა. შარშანდელი სეზონი რიგამ ჩემპიონატში მოპოვებილი ვერცხლის მედლებით აღნიშნა.

 

ლატვიელები თურქულ შეკრებაზე 2 თებერვალს ჩამოვიდნენ, მანამდე კი პირველი შეკრება 12 იანვრიდან დუბაიში გაიარეს. 15 იანვარს რიგა ალ ნასრის ესპრინგა და 2-1 იმარჯვა, გოლები სოისალომ და რეგჟამ გაიტანეს. 18 იანვარს ორი სპარინგი გამართეს - ჯერ დუბაი იუნაიტედს პედროს გოლით 1-1 დაუზავდნენ, ხოლო შემდეგ იმავე ანგარიშით და ილინსის გოლით უზბეკეთის 23 წლამდე ნაკრებს დაცილდნენ. 21 იანვარს ბულგარულ ბოტევთან 4-4 ითამაშა რიგამ. ორი გოლი ნიანგსმა და ილინსმა გაიტანეს, დუბლის ავტორი კი რიგელებს მხოლოს სინჯებზე მყოფ ფეხბურთელად ჰყავთ მითითებული. 22 იანვარს რიგა სოფიის ლევსკისთან 2-3 დამარცხდა. გოლები მინჩევის და ტალას ანგარიშზეა. 25 იანვარს ჯერ კატარის 20 წლამდე ნაკრებს აჯობეს 4-1 (რეგჟას ჰეთ თრიქი და ოგუნის გოლი), ხოლო შემდეგ ისევ ლევსკისთან დამარცხდნენ, ამჯერად 0-2. თურქულ შეკრებაზე 4 თებერვალს რიგამ ჩერნოგორიის დეჩიჩს ახალწვეული დუგლას აურელიუს გოლით 1-0 მოუგო. 6 თებერვალს ლატვიელებმა 2-0 ქუთაისის ტორპედო დაამარცხეს. გოლები აურელიუმ და ჩერნომორდისმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ლატვიელთა შემადგენლობაში 2019 წელს ნახევარი სეზონი ჩვენი გუნდის კაპიტანი - დავით სხირტლაძე ასპარეზობდა. რიგელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლიდან ხორვატი ფეხბურთის სპეციალისტი - ტომისლავ სტიპიჩი მუშაობს.


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024