• Geo
  • Eng
20.06.2022
დინამო - გაგრა | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი დინამოსა და გაგრას შორის დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი გაგრა 2004 წელს დაარსდა. გაგრელთა საკლუბო ფერები ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი. მიმდინარე სეზონში კი გუნდი საშინაო მატჩებს დინამო არენაზე ატარებს. პირველ ლიგაში გაგრა მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში ხვდებოდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა, 2008 წელს კი ცხინვალის სპარტაკთან. 2008 წლის 31 მაისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობამ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელის, პირველი ლიგის გამარჯვებულის ჭიათურის მაღაროელის საკითხი განიხილა და რადგან იმერულმა კლუბმა ლიცენზირების კრიტერუმები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ფინანსური გარანტიები წარადგინა 2008/2009 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა და მის ნაცვლად უმაღლესი ლიგის ლიცენზიის მქონე გაგრა დაუშვა. 2010-2011 წლების სეზონი გაგრასთვის ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ: გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ასეთი წარმატებული სეზონი გუნდს მისი დაარსების დღიდან არ ჰქონია. 2011 წელს გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა, საქართველოს თასიც დაისაკუთრა და ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტიც ჰქონდა, სადაც კვიპროსის ანორთოსისს შეხვდა. გასვლითი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად, ანგარიშით 0-3 დათმეს, თუმცა ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით 2-0 დაამარცხეს მეტოქე. უმაღლეს ლიგას გაგრა ათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა შარშან ეროვნული ლიგა 2 მეორე ადგილზე დაასრულა. გადათამაშებაში ქობულეთის შუქურას აჯობა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და გაგრა

2018 წლის დეკემბრიდან გაგრას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი გაგა კირკიტაძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 17 ტურის შემდეგ დაგროვილი 17 ქულით, სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამო - გაგრა | ურთიერთშეხვედრები

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა შვიდი მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა  და ორჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 17-5 დინამოს სასარგებლოდ. პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2012 წლის 8 მარტს გაიმართა და ის შეხვედრა დინამომ გიორგი მერებაშვილის დუბლით 2-1 მოიგო. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2022 წლის 23 აპრილს გაიმართა და ის შეხვედრა გაგრამ 1-0 მოიგო მოიგო.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას ირაკლი კვირიკაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას ი. კაკაბაძე და მ. კუპატაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ი. ხერხაძე გახლავთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024