• Geo
  • Eng
14.06.2022
უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე პირველი მეტოქე ესტონური პაიდეა
14 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩვენი კლუბის მეტოქე ესტონური პაიდე ლინამეესკონდი იქნება. პირველი მატჩი 7 ივლისს დინამო არენაზე გაიმართება, საპასუხო მატჩს კი, 14 ივლისს პარნუ ბიჩ სთედიუმი უმასპინძლებს. 
 
დინამო თბილისის მომავალი მეტოქე 2004 წელს დაარსდა და ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან ასპარეზობს. ევროთასებზე ესტონური კლუბის დებიუტი 2020-21 წლების სეზონში შედგა, როდესაც გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილნიუსის ჟალგრისს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 2:0 დამარცხდა.
 
​რაც შეეხება გასულ სეზონს, პაიდემ ესტონეთის მაისტერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. თასის გათამაშებაში კი, გუნდმა ყველა კონკურენტს აჯობა და არსებობის ისტორიაში პირველად ესტონეთის თასს დაეუფლა, სწორედ ამ გზით მოიპოვა პაიდემ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე ასპარეზობის უფლება. .
 
​კლუბი ეროვნული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს ქალაქ პაიდეს ლინასტადიონზე მართავს, რომელიც 500 გულშემატკივარს იტევს.
 
ესტონური პაიდეს კაპიტანი ანდრე ფროლოვია, მთავარი მწვრთნელი კი, კარელ ვოოლაიდი, რომელიც 2019-20 წლებში ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. კლუბში ასევე, ახლო წარსულში ცნობილი ესტონელი ფეხბურთელი რაგნარ კლავანი ირიცხება, რომელსაც სხვადასხვა დროს ნიდერლანდურ ალკმაარში, გერმანულ აუგსბურგში, ინგლისურ ლივერპულსა და იტალიურ კალიარიში უასპარეზია. ამასთან ერთად, კლავანს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში 129 შეხვედრა აქვს გამართული. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022