• Geo
  • Eng
24.05.2022
ურთიერთშეხვედრები თელავთან

25 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრა დინამო არენაზე შედგება, ჩვენი გუნდი თელავს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, ჩვენ კი აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. 

 

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. სამი მატჩი დინამომ მოიგო, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 9/2 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

 

2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. ბოლოს ეს გუნდები 10 აპრილს თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024