• Geo
  • Eng
20.05.2022
თბილისური დერბი - ურთიერთშეხვედრები

21 მაისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საგურამოში, ჩვენი გუნდი ლოკომოტივს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. 

 

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 62 მატჩიდან 37- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 14 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 108/42 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

 

დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი იმავე წლის 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2-ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს.

 

ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 14 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2022 წლის 2 აპრილს გამართა და დინამო არენაზე 2-1 იმარჯვა. გოლები დმიტრი ანტილევსკიმ და თორნიკე კირკიტაძემ გაიტანეს.


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022