• Geo
  • Eng
02.05.2022
ურთიერთშეხვედრები ბათუმელებთან

3 მაისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში დინამო არენაზე, დედაქალაქური დინამო ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 19.00 საათზე დაიწყება.

 

დედაქალაქელებმა დღეს დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. 

 

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 65 მატჩიდან 41 დედქალაქელებმა მოიგეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 13 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 126/61 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. ცხრაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 და 3-0, ხოლო ექვსჯერ 2-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს.

ბოლოს ორი დინამო ამა წლის 4 მარტს ბათუმში შეხვდა ერთმანეთს. მატჩი მასპინძლებმა 3-0 მოიგეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024