• Geo
  • Eng
17.04.2022
ურთიერთშეხვედრები სამგურალთან

18 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენი გუნდი წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.

 

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 23 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და 3 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 68/18. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს სამი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. შარშან წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს შარშან 3 ოქტომბერს წყალტუბოში შეხვდნენ. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები სამგურალის კარში ბარნს ოსეიმ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024