• Geo
  • Eng
02.04.2022
გამარჯვება დედაქალაქურ დერბიში

დინამო არენაზე თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა. თბილისური დერბი ტრადიციულად საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძის გუნდმა სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო და მთლიანად მატჩის მანძილზე არაერთი საგოლე და სახიფათო მომენტი შექმნა სტუმართა კართან. ანგარიში დმიტრი ანტილევსკიმ შეხვედრის 28-ე წუთზე გახსნა. რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, ბურთი სტანისლავ ბილენკიმ მიიღო, მისი გადაცემა და ბელარუსი ფორვარდის ზუსტი დარტყმა 1-0. ისიც სათქმელია, რომ ანტილევსკიმ მთლიანად შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. გოლის მერეც მართებდათ ლურჯ-თეთრებს ანგარიშის გახსნა, თუმცა მომდევნო შედეგიანი დარტყმა სტუმრებმა ჩაიწერეს აქტივში. ტიმის ბოლოსკენ მოწოდებული კუთხურიდან ზუსტად ბექა ბუიღლიშვილმა ისარგებლა და სტატუს ქვო აღადგინა.

 

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. ორივე გუნდმა ცვლილებებსაც მიმართა, რასაც ანგარიშის შეცვლა მოჰყვა. შეხვედრის 65-ე წუთზე დინამო არენაზე მოსულმა გულშემატკივარმა მშვენიერი კომბინაცია და გოლი იხილა. ნიკა მალიმ მარჯვენა ფრთაზე წამოწყებული შეტევა დმიტრი ანტილევსკის მიმართულებით გაკეთებული გამჭოლი გადაცემით გააგრძელა, ბელაურსის მიერ შესრულებული რაბონა და თორნიკე კირკიტაძის ერთი შეხებით გატანილი გოლი გულშემატკივრის ოვაციებად ღირდა. მატჩის ბოლოსკენ ლოკომოტივის მწვავე შეტევაც აღსანიშნავია, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 აპრილს დინამო არენაზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

შემადგენლობა და მატჩის სტატისტიკა იხილეთ აქ https://erovnuliliga.ge/ge/game/6099-dtb-loc

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024