• Geo
  • Eng
24.10.2021
საბურთალო - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ჩემპიონატის 31- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. 2017 წლის სეზონიდან გუნდმა არენა შეიცვალა (მანამდე ბენდელაზე გამოდიოდნენ) და სტუმრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა. უკვე სამი წელია საბურთალოს საშინაო არენად მიხეილ მესხის სტადიონი ითვლება. საბურთალოს საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0-1 დამარცხდა. 2017 წლის პირველობა საბურთალომ მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო 2018 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ამ წარმატებას გუნდმა 2019 წელს საქართველოს თასი შემატა. საბურთალოელებმა ფინალში ლოკომოტივს 3-1 აჯობეს და 2020 წელი გუნდმა სუპერთასის მოპოვებით გახსნა. საბოლოოდ კი საქართველოს ჩემპიონატი საბურთალომ მეხუთე ადგილზე დაასრულა.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2021 წლის აპრილიდან საბურთალო ქართველმა ფეხბურთის სპეციალისტმა - ხვიჩა შუბითიძემ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი 30 მატჩიდან დაგროვილი 50 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 21- ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. 13 შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 42/19 დინამოელთა სასარგებლოდ.

2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4-0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4-0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1-0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2-0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5-0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4-1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2-1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2-1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. 2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4-2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2-0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2-1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2020 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა დინამომ საბურთალოსთან გასვლაზე ჩაატარა და 3-0 აჯობა მეტოქეს. გოლები გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტნეს. მეორე წრის შეხვედრაში კი დინამომ მეტოქეს 3-1 ნოდარ ქავთარაძის დუბლით და გიორგი პაპავას გოლით აჯობა. 2021 წლის 14 მარტს უხვგოლიანი თრილერი გამოდგა. დინამომ საბურთალოს 4-3 ზორან მარუშიჩის (2), გიორგი გაბედავას და გიორგი პაპავას გოლებით მოუგო. დინამოელებმა 4 გოლი 2021 წლის 12 მაისსაც გაუტანეს მეტოქეს, კარი კი მშრალად შეინახეს. ზორან მარუშიჩმა ისევ ორი გოლი მიითვალა, თითოჯერ შედეგიანად თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი გაბედავამ გაისროლეს. ბოლოს კი ლურჯ-თეთრებმა 8 აგვისტოს 2-1 მოუგეს მეტოქეს. დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლს, ზუსტი დარტყმა ბარნს ოსეიმ მიამატა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი მარსელ ბირსანი იქნება. მას ასისტენტობას ვ. ავრამი და მ. ბადია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ი. კვირიკაშვილი შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას დინამოს მცველი საბა ხვადაგიანი გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024