• Geo
  • Eng
28.09.2021
თბილისური დერბი - ურთიერთშეხვედრები

29 სექტემბერს საგურამოში, მე- 60 დედაქალაქური დერბი გაიმართება. შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 59 მატჩიდან 35- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 11 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

დიდი სხვაობით დინამომ შვიდჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4-0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4-0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4-1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4-0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6-0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. 2020 წლის 3 ივლისს დინამომ საკუთარ სტადიონზე მეტოქეს 4-0 დათო კობოურის, თორნიკე კაპანაძის და პერნამბუკუს გოლებით მოუგო, ერთიც თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3-0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6-5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში კი დუელში გახლავთ 1-0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი აღსანიშნავია, რომ 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლო თბილისური დერბი დინამომ 2021 წლის 19 ივნისს გიორგი გაბედავას დუბლით 2-0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021