• Geo
  • Eng
23.06.2021
დინამო - სამგურალი | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მე- 19 ტურის მატჩი დინამოსა და სამგურალს შორის თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 19.30 დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სულ 11 სეზონი უთამაშიათ. პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სწორედ 80- ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.

 

 

მწვრთნელი და სამგურალი

სამგურალს 2019 წლის შემოდგომიდან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც აპრილში დაითხოვეს და წყალტუბოს გუნდი გამოცდილ ქართველ სპეციალისტს - სოსო ფრუიძეს ჩააბარეს. მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 24 ქულით, სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამო - სამგურალი | ურთიერთშეხვედრები

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 21 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში გამოკვეთილი უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და მხოლოდ ორი დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 65/14. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10- ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა შვიდი უპასუხო გოლით იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ორი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული.

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ამა წლის 25 აპრილს შეხვდნენ. წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2-0 დასრულდა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას ალეკო აფციაური წარუძღვება. მას ასისტენტობას ა. კოკაია და ზ. ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ა. ნონიკაშვილი გახლავთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021