• Geo
  • Eng
06.02.2021
ჩვენი მეტოქე - ზორია ლუგანსკი

დინამოელები 6 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ზორიასთან ჩაატარებენ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ზორია ლუგანსკი 1923 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი მეტალისტი ერქვა. შემდეგ იყო ძერჟინეცი, შრომითი რეზერვი და ზორია მალსი. ლუგანსკელები დღეისათვის საშინაო შეხვედრებს ზაპოროჟიეში, 12 000- იან სტადიონ სლავუტიჩ არენაზე ატარებენ. ზორიას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ზორიას საუკეთესო სეზონად 1972 წელი ითვლება, როდესაც ლუგანსკელებმა სსრკ- ს ჩემპიონატში გამარჯვება მოახერხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ბროლის თასის ფინალში უკრაინელებმა 1974 და 1975 წლებში ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ. იგივე გაიმეორა ჩვენმა ოპონენტმა 2015/2016 სეზონში, როდესაც უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა შახტართან 0-2 დათმო. 2016/2017 სეზონში შავ-თეთრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, დასრულებულ სეზონში კი ზორიამ ასევე მესამე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე შეკრებაზე ლუგანსკელებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე მატჩი, დღევანდელი შეხვედრით კი უკრაინელები შეკრებას დაასრულებენ. უკრაინელები შეკრებაზე 7 იანვრიდან იმყოფებიან. 12 იანვარს რაკუვთან ზორიამ ყაიმით 2-2 დაასრულა მატჩი. 15 იანვარს ჩვენი მეტოქე პიასტისთან 1-2 დამარცხდა. 19 იანვარს ვოევოდინასთან მატჩი 2-2 მორჩა. 26 იანვარს ზორია შკენდიას 1-1 დაუზავდა. 29 იანვარს ნიგერიულ მფმ- ს 2-1 აჯობეს. ლუგანსკელები 2 თებერვალს ვალმიერასთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ.

უკრაინულ გუნდში დინამოს გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი დმიტრო ივანისენია ასპარეზობს, რომელიც ჩვენი გუნდიდან 2019 წელს გადავიდა ზორიაში.

ზორიას 2019 წლიდან უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი ვიქტორ სკრიპნიკი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 12 მატჩიდან დაგროვებული 20 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024