• Geo
  • Eng
01.02.2021
ჩვენი მეტოქე - დინამო კიევი

დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას აღმოსავლეთ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი კიევის დინამო გაუწევს. მატჩი კუნდუში გაიმართება და თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

დინამო კიევი 1927 წელს დაარსდა. კიეველთა საკლუბო ფერები ლურჯი და თეთრია. საშინაო მატჩებს დინამო კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს, რომელის ტევადობაც 70 000 მაყურებელზეა გათვლილი. დინამო კიევი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და დღეისათვის ჩვენს გუნდთან ტანდემში ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია. კიეველები მიმდინარე უკრაინის ჩემპიონატში 13 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 30 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.

დინამო კიევმა 13- ჯერ (რეკორდი) მოიგო სსრკ- ს ჩემპიონატი, 11- ჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი და აიღო სამი ბრინჯაო. ლურჯ-თეთრებმა 9- ჯერ აღმართეს ბროლის თასი და სამჯერ სსრკ- ს სუპერთასი. დინამო უკრაინის რეკორდსმენია 15- ჯერ მოპოვებული საჩემპიონო ტიტულით და 12- ჯერ მოგებული ეროვნული თასით. უკრაინის სუპერთასის მოგება კიეველებმა 9- ჯერ იზეიმეს. საერთაშორისო არენაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორჯერ 1975 და 1986 წლებში უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1975 წელს დინამო კიევმა უეფას სუპერთასიც აღმართა, დსთ- ს თასი კი ოთხგზის მოიპოვა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დინამო სამჯერ 1977, 1987 და 1999 წლებში ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 2009 წელს კი იმავე სტადიაზე ევროპა ლიგაზეც იასპარეზა.

კიეველებმა პირველი შეკრება 15 იანვრიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიარეს. 18 იანვარს ლეგიასთან პირველი სპარინგი 0-2 დათმეს, შემდეგ 21 იანვარს სოლიგორსკის შახტიორი 2-0 დაამარცხეს, 24 იანვარს კი იორდანიის ნაკრებს ფრედ 0-0 დაცილდნენ. 29 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპი უკრაინელებმა თურქეთში განაგრძეს და მომდევნო დღეს ლუდოგორეცთან ისპარინგეს. შეხვედრა ბულგარელებმა 2-1 მოიგეს.

დინამოელთა თავკაცის პოსტზე ცნობილი რუმინელი ფეხბურთის სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024