• Geo
  • Eng
23.02.2020
დინამო 0-1 საბურთალო

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს სუპერთასის მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს დინამო და საბურთალო დაუპირისპირდნენ.

საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების დღე აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით დინამო თბილისმა სიმბოლური ჟესტით ქვეყნის თავისუფლებისთვის თავგანწირულ იუნკერებს პატივი მიაგო. ლურჯ-თეთრები სუპერთასის მატჩზე შავი ფერის სათამაშო ფორმით გავიდნენ, რომელსაც გულზე იუნკერთა სახელები ჰქონდა დატანილი.

თავად მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად და მაღალ ტემპში დაიწყო. მე- 11 წუთზე დინამოელთა კართან ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში როინ კვასხვაძემ ითამაშა კარგად, მეორე დარტყმული კი ლუკა ლოჩოშვილმა მოიგერია. მომდევნო შეტევაში საბურთალომ პენალტი მოინადირა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ დაარტყა და როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა. დინამომ უმატა შეტევას და ოთხიოდე წუთში ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ საიმონ ბენიოს თავური ოდნავ აცდა საბურთალოს კარს. 35- ე წუთზე დინამომ კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. იმავე საიმონ ბენიოს მაკრატელა აეჭრა, ბურთი გიორგი კუხიანიძეს მიუვიდა, მან კი ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა. ტაიმის ბოლოს კახა ჩხეტიანის გუნდს კიდევ ერთხელ მართებდა გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ირაკლი ბუღრიძემ ოპონენტს ვერ აჯობა და ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარში სათამაშო რიტმი დაეცა. დინამომ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მთელმა მეორე ნახევარმა განსაკუთრებული სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა და საბოლოოდ შეხვედრა საბურთალოს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე 29 თებერვალს თელავთან გამართავს.

 

 

დინამო 0-1 საბურთალო

გოლი: კოხრეიძე (პენ) 14’

გაფრთხილება: ორშულა 23’  ლაკვეხელიანი 39’  კაკუბავა 65’  ალთუნაშვილი 81’  კუცია 87’  ცნობილაძე 90+4’

 

დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ნინუა (კუცია 74), ქარდავა, კუხიანიძე, ბუღრიძე (ახვლედიანი 66), ორშულა

საბურთალო: ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, გოშთელიანი (ყენია 70), ლაკვეხელიანი, ტერა, კაკუბავა, ალთუნაშვილი (ცნობილაძე 81), ლუმუ, ტაბატაძე, კოხრეიძე (ჭიჭინაძე 90+5), გაბედავა

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024