• Geo
  • Eng
18.02.2020
კახა ჩხეტიანი აჯამებს ორ თურქულ შეკრებას

თბილისის "დინამომ" ორი თურქული შეკრება მოითავა. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა არაერთი ახალწვეული გასინჯა. იყო საკონტროლო მატჩები. რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური შედეგები, თუმცა საკონტროლო შეხვედრები ზუსტად იმისთვისაა, რომ შედეგს ნაკლები ყურადღება მიაქციო, ყველა ნახო საქმეში და დასკვნები გამოიტანო.

საინტერესოა ჩხეტიანი აზრი ახალწვეულებზე. რამდენიმე ფეხბურთელის ბედის გარკვევას გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. ამდენად, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუ უნდა იყოს:

- თავდაპირველად, ორი თურქული შეკრების საერთო შეფასება უნდა გთხოვოთ...

- მიმაჩნია, რომ შეკრებები ნაყოფიერი იყო ჩვენი გუნდისთვის. რაც მთავარია, ჩავატარეთ საკონტროლო თამაშები, სადაც გამოჩნდა ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ვნახეთ, რაზე უნდა ვიმუშაოთ. შეკრებაზე გვყავდა არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმის საშიშროების წინაშე ვიდექით, რომ პირველი ორი შეხვედრა გაუქმებულიყო. არაერთ ფეხბურთელს ჰქონდა ვირუსი, რამდენიმეს ტრავმა აწუხებდა... თუმცა საბოლოოდ ყველა მოთამაშე ვნახეთ საქმეში...

- "დინამომ" თურქეთში არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანია, მაგრამ კითხვები მაინც არის. რომელი თამაშის შემდეგ იყავით ყველაზე მეტად კმაყოფილი და ყველაზე მეტად უკმაყოფილო?

- მე ასე არ დავყოფდი თამაშებს. მაინც მთლიანობაში ვიტყვი - შედეგს შეკრებაზე არ ვანიჭებ გადამწყვეტ მნიშვნელობას. შედეგი რომ დავაყენოთ წინა პლანზე, ბევრი მოთამაშე ვერ მიიღებს შანსს და შეკრებაც სწორედ იმისთვისაა, რომ ყველას მისცე თავის გამოჩენის საშუალება. მე მწვრთნელი ვარ და ყოველთვის ვარ უკმაყოფილო, როცა ვაგებ, თუმცა შეკრებას სხვა სპეციფიკა აქვს. რა თქმა უნდა, ოფიციალურ შეხვედრებში შედეგი დადგება წინა პლანზე. ორ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში რთულია ისეთი გუნდის გაკეთება, რომელიც ყველას მოგვეწონება. მე მჯერა, რომ "დინამო" გაახარებს როგორც თავის გულშემატკივარს, ისე ზოგადად ქართველ ქომაგს და ჩვენი ფეხბურთელები წარმატებით დაიცავენ საქართველოს ნაკრების ღირსებასაც.

- საინტერესოა, რამდენი ტაქტიკური სქემა დამუშავდა შეკრებაზე და ზოგადად, რამდენი სქემა იქნება "დინამოს" მარაგში?

- ძირითადად, არის ორი სქემა. არის კიდევ მესამეც, მაგრამ ამ სქემებს ჩვენ ბრმად ვერ მივყვებით. რა თქმა უნდა, ადგილი ექნება გადაწყობებს თამაშის მსვლელობაში. გააჩნია თამაშის ფაზას. იქნება ეს შეტევითი ფაზა, დაცვითი თუ პრესინგის მომენტი. ჩვენი მიზანია, ვითამაშოთ შედეგიანი ფეხბურთი და ისეთი, რომელიც მოეწონება გულშემატკივარს.

- როგორ დაახასიათებთ გუნდის უცხოელ ახალწვეულებს - ბენიოს, ორშულას, პერალესსა და ტრუბოჩკინს?

- ვფიქრობ, ისინი გააძლიერებენ "დინამოს". ბენიო ჭკვიანი ცენტრალური მცველია. ორშულას "მანჩესტერ სიტის" სკოლა აქვს გავლილი. პერალესს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. ტრუბოჩკინი საიმედოა დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

- როგორც ვიცით, დადებითად გადაწყდა ბრაზილიელი ვიტორ პერნამბუკოს საკითხი. რას იტყვით ამ ფეხბურთელზე?

- გიდასტურებთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და ბრაზილიელი ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. პერნამბუკო ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელია. კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა მასთან მოლაპარაკება და ყველაფერი კარდად დასრულდა. მან ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა და ისე ითამაშა კიევის "დინამოსთან".

- რა ბედი ელის კამერუნელ შემტევ ფრანკ პანგოპს?

- ამ ეტაპზე, მისი დამატებისგან თავი შევიკავეთ. დროც არ გვქონდა დიდი... ჩვენი მიზანია, თითო პოზიციაზე გვყავდეს ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი. ეს აუცილებელია. მხოლოდ თამაშებზე არა, ვარჯიშებზეც აუცილებელია კონკურენცია.

- ცალკე უნდა გკითხოთ თორნიკე ახვლედიანზე. ვუყურეთ "დინამოს" თამაშებს და ვფიქრობთ, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა თავი შეკრებაზე. მასთან თუ აპირებთ კონტრაქტის გაფორმებას?

- თავიდან, როცა ახვლედიანი ავიყვანეთ "დინამოში", ვფიქრობდი, რომ "დინამო 2-ში" დაიწყებდა თამაშს და თან დავაკვირდებოდით, როდის იქნებოდა მზად პირველი გუნდისთვის. ამ ეტაპზე, რიგი მიზეზების გამო, "დინამო 2" ვერ ჩამოყალიბდა, თუმცა ეს სულ სხვა თემაა... ახვლედიანს სისტემატურად ვაკვირდებოდი ბოლო დროსაც, როცა "ზესტაფონში" თამაშობდა. მან ვარჯიშების მიმართ თავისი მიდგომით და შეკრებაზე კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ისიც შეუძლია, იყოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კანდიდატი. მისი განათხოვრება გამორიცხულია.

- თქვენ რამდენიმე ახალგაზრდა დინამოელი გყავდათ შეკრებაზე. როგორ ფიქრობთ, რომელ მათგანს შეუძლია, გუნდი გააძლიეროს?

- ზოგიერთს დავტოვებთ მთავარ გუნდში. ახლა არ მინდა გვარ-სახელების ჩამოთვლა. ზოგიერთს გავანათხოვრებთ ისეთ კლუბებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ განვითარებას თამაშებითა და ვარჯიშებით.

- თუ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე ფეხბურთელი კიდევ მოვიდეს "დინამოში"?

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ, ცვლილებები მოსალოდნელიცაა და შესაძლებელიც. მაგალითად, გვინდა ფორვარდის დამატება. ვისაც საშუალოევროპულ ლიგაში რამდენიმე გოლი მაინც გაუტანია, ისეთი არარეალური თანხა ღირს, რომ... ველოდებით ფორვარდს აფრიკიდან და ვნახოთ...

- ერთი სიამოვნებაა გუნდში ორი ისეთი მეკარის ყოლა, როგორებიც არიან როინ კვასხვაძე და ხოსე პერალესი. მეორე მხრივ, ორივე მეკარეს ძირითადობა სურს. როგორ აპირებთ მათი სათამაშო დროის განაწილებას ისე, რომ არცერთი მათგანი ფორმიდან არ ამოვარდეს?

- თქვენ თქვით ორი მეკარეო და მე პატარა შესწორებას შევიტანდი - ორი კი არა, სამი მეკარე გვყავს. მეკარის პოზიციაზეც აუცილებელია კონკურენცია. ყველა პოზიციაზე გვინდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. კვასხვაძის წასვლაზე ხმები რომ აგორდა, არ არის სიმართლე. მე მისი დიდი იმედი მაქვს, ისევე, როგორც "დინამოს" ყველა სხვა ფეხბურთელის.

 

 

გაზეთი ლელო 18.02.20
http://bit.ly/2u6d0NB

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020