15.02.2020
დინამომ შეკრება დაასრულა

თბლისელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგ მატჩი გამართეს, რომელშიც კიევის დინამოს დაუპირისპირდნენ. მატჩი ისევე როგორც თბილისელთათვის, კიეველთათვისაც შეკრებაზე ბოლო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დინამოს პრეზიდენტი რომან ფიფიაც დაესწრო. მატჩი საინტერესოდ, მაღალ რიტმში და საგოლე მომენტების სიუხვით წარიმართა. პირველ ტაიმში უკრაინელები უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და პირველი სახიფათო შეტევაც მათ ანგარიშზეა. ბოლო მომენტში დარტყმული როინ კვასხვაძემ მოიგერია. თბილისელებმაც რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში. აღსანიშნავია დავით კობოურის და გიორგი კუციას აქტიურობა, რომელსაც სახიფათო, თუმცა უშედეგო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ასევე აქტიურობდა დინამოელთა სლოვაკი შემტევი ფილიპ ორშულა. კიეველებმა ანგარიში 24- ე წუთზე გახსნეს, ზუსტად კედზიორამ დაარტყა, კვასხვაძე კი შეწვდა ბურთს, თუმცა უკვე კარის ხაზს შიგნით. ტაიმი კიეველებმა მოიგეს. მეორე ნახევარში კახა ჩხეტიანმა რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა და თბილისელებმა აქტიურად შეუტიეს, გოლი კი თავად მიიღეს. კონტრშეტევის შემდეგ ზუსტად რუსინმა ითამაშა. საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდნენ თორნიკე ახვლედიანი, ირაკლი ბუღრიძე და ბრაზილიელი პერნამბუკუ, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ პენალტიც მოინადირა. თერთმეტმეტრიანი გიორგი კუხიანიძემ დაარტყა, თუმცა კიეველთა მეკარეს ვერ აჯობა. საბოლოოდ მატჩი უკრაინელებმა 2-0 მოიგეს. ამით დინამოელებმა შეკრება დაასრულეს, ხვალ დილით ივარჯიშებენ და საღამოს სამშობლოსკენ აიღებენ გეზს. დინამოელები 23 თებერვალს საქართველოს სუპერთასს საბურთალოსთან პაექრობაში გაითამაშებენ.

 

დინამო თბილისი 0-2 დინამო კიევი

 

დინამო თბილისი: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, სანდოხაძე, კობოური, პაპავა, ნინუა, კუცია, ქიმაძე, პანგოპი, ორშულა

შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი,იაშვილი, ზარია, ლოჩოშვილი, ქარდავა, ბუღრიძე, კუხიანიძე, პერნამბუკუ, კალანდაძე, პერალესი

 

დინამო კიევი: ბუშანი, პოპოვი, სიდორჩუკი, ვერბიჩი, შეპელიევი, მიკოლენკო, ბუიალსკი, შაბანოვი, რუსინი, კედზიორა, პოულსენი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020