18.11.2019
პირველი დიდი გამარჯვება

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთში პირველი, დიდი გამარჯვების დღეა. 1964 წლის 18 ნოემბერს, დინამოელები პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. რეგულარულ ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა და მოსკოვის ტორპედომ 46-46 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო. ოქროს მატჩი ტაშკენტში - 55 წლის წინ ჩატარდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოველმა ვლადიმერ შერბაკოვმა  გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა ანგარიში კუთხურიდან, ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 4:1. ჩვენმა გუნდმა  პირველად მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლები.

ოქროს მატჩში დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. მთავარი მწვრთნელი - გავრილ კაჩალინი გახლდათ, გუნდის უფროსი კი - ავთანდილ ღოღობერიძე.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019