• Geo
  • Eng
03.11.2019
3 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას, 3 ნოემბერს მორიგი ქართული დერბია. მატჩი დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება. 3 ნოემბერს დინამო თბილისს 14 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 7 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 24/10 არის.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელებმა 3 ნოემბერს პირველი მატჩი 1990 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა გასვლით მატჩში წყალტუბოში, ადგილობრივი სამგურალის წინააღმდეგ ფრედ, გატანილი გოლების გარეშე ითამაშა. 1991 წლის 3 ნოემბერს დინამომ ხობის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით 4:2 სძლია. კოლხეთის კარში ორი გოლი ზაზა რევიშვილმა გაიტანა, თითო ბურთი კი კახი კაჭარავას და შოთა არველაძის აქტივშია. 2000 წელს ჩვენმა ფეხბურთელებმა საშინაო მატჩი თბილისის თსუ– ს წინააღმდეგ გამართეს. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები პაატა ჯინჭარაძემ, თემურ გადელიამ, რობერტ ზირაქიშილმა და გიორგი მიქაძემ გაიტანეს. 2013 წელს რუსთავში ადგილობრივ მეტალურგთან გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სსრკ პირველობაზე 3 ნოემბერს დინამოელებმა პირველად 1938 წელს თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშეს. თბილისური დერბი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. დედაქალაქურ დაპირისპირებაში ორი გოლი გაიტანა ბორის პაიჭაძემ, თითო ბურთი კი გაიოზ ჯეჯელავამ და მიხეილ ბერძენიშვილმა შეაგდეს. 1940 წლის 3 ნოემბერს დინამომ მოსკოვის მეტალურგს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6:2 დაჯაბნა. მოსკოვური გუდის კარში ორ–ორი გოლი გაიოზ ჯეჯელავამ და ვიქტორ ბერეჟნოიმ გაიტანეს, თითო ბურთი კი ბორის პაიჭაძის და მიხეილ ბერძენიშვილის აქტივშია. 1964 წელს დინამომ მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ბელარუსთა კარში ორი გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა, ერთი ბურთი კი მიშა მესხმა შეაგდო. 1967 წლის 3 ნოემბერს დინამომ მოსკოვში ადგილობრივი ტორპედოს წინაარმდეგ იასპარეზა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გივი ნოდიამ გაიტანა. მომდევნო წელს დინამომ სტუმრად, ოდესის ჩერნომორეცის წინააღმდეგ 1:1 ითამაშა. უკრაინული გუნდის კარში გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა. 1969 წლის 3 ნოემბერს დინამომ სტუმრად ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ ითამაშა 1:1. გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა. 1971 წელს დინამომ იმჟამინდელი ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარიას უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1974 წლის 3 ნოემბერს თბილისში გამართული დინამოსა და ლვოვის კარპატის შეხვედრა ასევე 0:0 დასრულდა. 1985 წელს დინამომ სტუმრად, ალმათის კაირატის წინააღმდეგ იასპარეზა და ისევ 0:0.

3 ნოემბერს დინამო თბილისს ევროთასებზე ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენი გუნდი 1976 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალში უნგრულ მტკ– ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024