• Geo
  • Eng
05.10.2019
6 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგ კალენდარულ შეხვედრას 6 ოქტომბერს, ბათუმში ადგილობრივი დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

6 ოქტომბერს დინამოელებს 12 ოფიციალური მატჩი (4 ეროვნულ ასპარეზზე / 8 სსრკ პირველობაზე) აქვთ გამართული, საიდანაც 6 შეხვედრა თბილისელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, 3 მატჩი ფრედ დაასრულეს, 3 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 25/15.

ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა 6 ოქტომბერს პირველი შეხვედრა 2002 წელს გამართეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა გასვლით მატჩში ბათუმელ თანაკლუბელებს 3:1 სძლიეს. ბათუმის დინამოს კარში ორი გოლი ლადო ახალაიამ გაიტანა, ერთი კი ალექსანდრე გოგობერიშვილმა შეაგდო. 2007 წლის 6 ოქტომბერს დინამომ სტუმრად თბილისური დერბი ამერის წინააღმდეგ ანგარიშით 2:0 მოიგო. გოლები მიხეილ ხუციშვილმა და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს. 2012 წლის 6 ოქტომბერს დინამომ ზუგდიდში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ ფრედ 1:1 ითამაშა. ზუგდიდის კარში გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა. მომდევნო წელს ჩვენი გუნდი ბოლნისის სიონს რუსთავში შეხვდა და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. დორინ გოგამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა.

სსრკ- ს პირველობაზე დინამო თბილისელმა 6 ოქტომბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1959 წელს სტუმრად, იმჟამინდელი ლენინგრადის ზენიტის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით 1:2 დასრულდა. ზენიტის კარში გატანილი გოლით თავი თენგიზ მელაშვილი გამოირჩა. 1967 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში დონის როსტოვის სკა– ს 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა. 1968 წლის 6 ოქტომბერს დინამომ მოსკოვში ადგილობრივი ცსკა– ს წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების მარცხით – 2:3 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლები გოჩა გავაშელმა და გივი ნოდიამ შეყარეს. 1970 წლის 6 ოქტომბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით 1:2 დათმეს. მოსკოველთა კარში გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა. 1972 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ლვოვის კარპატს უმასპინძლა და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით 5:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ორი გოლი გაიტანა გიორგი გავაშელმა, თითო გოლი კი მურთაზ ხურცილავამ, გივი ნოდიამ და ვლადიმერ გუცაევმა შეაგდეს. 1974 წელს თბილისში გამართული თბილისური და მოსკოვური დინამოების დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ დასრულდა. 1979 წლის 6 ოქტომბერს დინამომ გასვლით შეხვედრაში დონეცკის შახტართან ფრედ 3:3 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში ორი გოლი გაიტანა ვახტანგ ქორიძემ, ერთი ბურთი კი დავით ყიფიანის ანგარიშზეა. 1982 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტის პახთაკორს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გოლები გოჩა ჯოხაძემ და გრიგოლ ცაავამ გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024