21.09.2019
დინამომ ჩიხურას გასვლაზე აჯობა

დღეს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული პირველობის 28- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და დებიუტში მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით გამოირჩა. მეტნაკლებად სახიფატო მომენტების შემდეგ სტუმრებმა თამაშის სადავეები თავის მხარეს გადაიტანეს და უფრო აქტიურად შეუტიეს მასპინძლებს. ტაიმის შუაში ლევან კუტალიას თავური დარტყმაა გამოსარჩევი, რომელიც კარის ძელმა უკუაგდო, მომდევნო შეტევაში კი ჩიხურას კარის ხაზიდან ბურთი მცველებმა გამოიტანეს. საპასუხოდ ირაკლი ლექვთაძის შეტევაა გამოსარჩევი, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ხოსე პერალესს ვერ აჯობა. ტაიმის ბოლოსკენ კვამე კარიკარიმ ხელსაყრელი პოზიციიდან უძლიერესად გაისროლა, ამ შემთხვევაში უკვე დინო ჰამზიჩმა იყოჩაღა. მეორე ტაიმში დინამოელებმა უფრო უმატეს დაწოლას, მაგრამ აქვე ისიც სათქმელია, რომ სტადიონის გაზონი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ფაქტიურად დალაგებული კომბინაციის გათამაშება შეუძლებელი გახლდათ. დინამოელთა შეტევებმა შედეგი საბოლოოდ შეხვედრის მიწურულს გამოიღო. გიორგი ქიმაძის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ლევან კუტალიას წინააღმდეგ იუხეშეს,ჩემპიონატის ბომბარდირმა თავად შეასრულა პენალტი და ანგარიშიც გაიხსნა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი კუტალიამ გიორგი კუხიანიძის გადაცემის შემდეგ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. გოლამდე კი ორიოდე წუთით ადრე დინამოს შემადგენლობაში მათე კვირკვიას დებიუტი შედგა. თბილისელები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს დინამო არენაზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ.

 

ჩიხურა 0:2 დინამო

 

გოლი: 0:1 კუტალია (პენ) 87’  0:2 კუტალია 90+4’

გაფრთხილება: შულაია 54’  მაისაშვილი 56’  მუმლაძე 83’

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე 70), კამლაძე, კაშია, მაისაშვილი, ლექვთაძე (დეკანოიძე 66), მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი (სარდალიშვილი 89), არდაზიშვილი

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კაპლიენკო, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, შულაია (კვირკვია 93), ქავთარაძე (დაფე 65), კუტალია, კარიკარი (კუხიანიძე 81)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019