• Geo
  • Eng
10.09.2019
ახალგაზრდულის და ჭაბუკების გამარჯვება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის პირველობის შესარჩევი მატჩი აზერბაიჯანთან ბაქოში გამართა. 21 წლამდე ჯვაროსნებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ჯგუფში ლიდერობაც მოიპოვეს (პირველ ტურში ლიხტენშტეინს 4:0 ვაჯობეთ). გოლები ვატო არველაძის, ირაკლი ბუღრიძის და გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. გია ცეცაძემ დინამოელები დავით კობოური და ნიკა ნინუა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

19 წლამდე ნაკრებმა პოლონელ თანატოლებს უმასპინძლა და ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 მოუგო. თავად მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი გულიაშვილმა და გიორგი იაკობიძემ გატანეს. მეორე გოლზე ირაკლი აზაროვის გადაცემაა გამოსარჩევი, როდესაც დინამოელმა თითქმის საკუთარი საჯარიმოს კუთხიდან მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა მეორე გოლის ავტორი. რამაზ სვანაძემ შეხვედრაში დინამო თბილისის 6 ფეხბურთელი გაამწესა: ლუკა კუტალაძე, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე ჯანგიძე და სანდრო კალანდაძე. ლაშა აწყურელი და ნოდარ ლომინაძე შეცვლაზე შევიდნენ.

19 წლამდე ნაკრები ევროპის შესარჩევ რაუნდს ოქტომბერში უნგრეთში მასპინძლებთან, ხორვატებთან და ყაზახებთან გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024