• Geo
  • Eng
06.03.2019
მარცხი სიონთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი დინამომ ბოლნისში გამართა. სიონთან დაპირისპირება ორ განსხვავებულ ტაიმად შეიძლება დაიყოს. თბილისელებმა მატჩის პირველ ნახევარში დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და გოლის გატანაც არაერთხელ მართებდათ, თუმცა რამდენჯერმე თორნიკე ზარქუამ გადაარჩინა მასპინძელთა კარი, რიგ შემთხვევებში კი დინამოელთა შემტევებს დამაგვირგვინებელი დარტყმა არ გამოსდიოდათ. ანგარიში დმიტრო ივანისენიამ შეხვედრის 28- ე წუთზე გახსნა. მან ლევან შენგელიას მიერ ჩამოწოდებულ კუთხურზე შეაგება ბურთს თავი. მანამდე ფრან კარბიამ ითამაშა ტექნიკურად, ბოლო წამს კი თორნიკე ზარქუამ იხსნა კარი. შემდეგ ანტონიო როხანოსაც მართებდა გოლის გატანა, არგენტინელმა ზედმეტი მოძრაობა გააკეთა და შანსიც გაუშვა ხელიდან. გატანილი გოლის შემდეგაც თბილისელებმა რამდენიმე მწვავე, მაგრამ უშედეგო შეტევა განახორციელეს, ტაიმის ბოლოს კი დაცვაში დაშვებულ შეცდომას ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და არბიტრმა გუნდის კაპიტანი მოედნიდან გააძევა. ჯაბა უგულავამ წონოსწორობა აღადგინა და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარში ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს, დინამო კი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას. 55- ე წუთისთვის მასპინძელთა მწვავე შეტევა და სტეფან სიკაჩმა მიჯრით ორ მომენტში იხსნა დინამოელთა კარი. საპასუხოდ ჯერ ანტონიო როხანომ ბადეს გარედან გაარტყა ბურთი, ბაქარ ქარდავას დარტყმული კი ზევიდან გადაევლო ბოლნისელთა კარის ხარიხას. მატჩის 69- ე წუთზე ბოლნისელთა შეტევას მეორე გოლი მოჰყვა ჩვენს კარში. ამის შემდეგ დინამოელები უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ შედეგი აღარ შეცვლილა, თუმცა ჯერ ვიქტორ მონხილს შეეძლო უკეთ დარტყმა, ერთ მომენტში კი ლევან შენგელიას სახიფათო დარტყმული თორნიკე ზარქუამ უკუაგდო. საბოლოოდ მატჩი 2:1 დასრულდა. თბილისელები მომდევნო შეხვედრას 10 მარტს სახლში ბათუმის დინამოსთან ჩაატარებენ.

 

სიონი 2:1 დინამო

 

გოლი: 0:1 ივანისენია 28’  1:1 უგულავა (პენ) 43’  2:1 ისიანი 69’

გაფრთხილება: რუხაია 14’  ნოჩე 36’  ხმალაძე 45’  როხანო 72’  ისიანი 72’  თარხნიშვილი 72’ 

გაძევება: რუხაია 41’

 

სიონი: ზარქუა, თომაშვილი, ტვილდიანი, თარხნიშვილი, ხმალაძე, უგულავა (მანაგაძე 89), კირკიტაძე, სიხარულია (რაჟამაშვილი 68), ისიანი (ქიქავა 79), აფაქიძე, სუხიაშვილი

დინამო: სიკაჩი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე (კობოური 75), ქარდავა, ივანისენია (პაპავა 59), შენგელია, შულაია (იაშვილი 46), კარბია, როხანო

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024