• Geo
  • Eng
23.02.2019
ჩვენი მეტოქე - დინამო ბრესტი

დინამოელები 23 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მეშვიდე ამხანაგურ შეხვედრას ბელარუსის დინამო ბრესტთან ჩაატარებენ. მატჩი თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

დინამო ბრესტი 1960 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. დაარსებიდან 12 წელი სპარტაკი ერქვა, 1973-1975 წლებში ბუგი, შემდეგ 2012 წლამდე დინამო, 2012- დან კი დღევანდელი სახელით - დინამო ბრესტით ასპარეზობს. სამხრეთელები (დინამოელთა ზედმეტსახელი) საშინაო შეხვედრებს ადგილობრივ 10 000- იან სტადიონ ბრესტკიზე ატარებენ. დინამოელთა საკლუბო ფერები ტრადიციულად ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი.

ბრესტელთა საუკეთესო სეზონად განვლილი 2018 წელი ითვლება, როდესაც დინამოელებმა ბელორუსის თასი და სუპერთასი მოიპოვეს, ჩემპიონატი კი მეექვსე ადგილზე დაასრულეს. ბრესტელებმა თასი ასევე 2007 და 2017 წლებში აღმართეს. გათამაშების მედლები კი სამხრეთელებმა ერთადერთხელ 1992 წელს ბრინჯაოს სინჯით მოიპოვეს.

შეკრებაზე ბელორუსებმა უკვე ჩაატარეს ხუთი მატჩი. 26 იანვრიდან ჩვენი ოპონენტი არაბეთის ემირატებში იმყოფებოდა შეკრებაზე, სადაც 30 იანვარს ადგილობრივ ალ ჯაზირას 2:1 მოუგო. 1 თებერვალს ჩინური გუანჩჟოუ 1:0 დაამარცხეს, ხოლო 8 თებერვალს თამაში შანხაისთან ფრედ 1:1 დასრულდა. ბრესტელებმა 14 თებერვლიდან ანტალიას მიაშურეს. 16 თებერვალს შვედურ კალმართან მატჩი სკანდინავიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ხოლო 21 თებერვალს ყაზახურ ასტანასთან ფრე 2:2.

გუნდს ჩეხი ფეხბურთის სპეციალისტი მარსელ ლიჩკა ხელმძღვანელობს. დინამოს გულშემატკივარს მარსელი 2014 წელს დინამოში მომუშავე მიხალ ბილეკის ასისტენტის თანამდებობიდან ემახსოვრება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024