• Geo
  • Eng
19.02.2019
ჩვენი მეტოქე - ზორია ლუგანსკი

დინამოელები 19 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ზორიასთან ჩაატარებენ. მატჩი სიდეში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება. ზორია ლუგანსკი 1923 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი მეტალისტი ერქვა. შემდეგ იყო ძერჟინეცი, შრომითი რეზერვი და ზორია მალსი. ლუგანსკელები დღეისათვის საშინაო შეხვედრებს ზაპოროჟიეში, 12 000- იან სტადიონ სლავუტიჩ არენაზე ატარებენ. ზორიას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ზორიას საუკეთესო სეზონად 1972 წელი ითვლება, როდესაც ლუგანსკელებმა სსრკ- ს ჩემპიონატში გამარჯვება მოახერხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ბროლის თასის ფინალში უკრაინელებმა 1974 და 1975 წლებში ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ. იგივე გაიმეორა ჩვენმა ოპონენტმა 2015/2016 სეზონში, როდესაც უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა შახტართან 0:2 დათმო. 2016/2017 სეზონში შავ-თეთრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, დასრულებულ სეზონში კი ზორიამ მეოთხე ადგილი დაიკავა. ლუგანსკელებმა ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და ესტერსუნდს, ბილბაოს ატლეტიკსა და ბერლინის ჰერტას დაუპირისპირდნენ.

მიმდინარე შეკრებაზე ლუგანსკელებმა უკვე ჩაატარეს ცხრა მატჩი. ოთხი პირველ შეკრებაზე და ხუთიც მეორეზე. 25 იანვარს 1:0 დაამარცხეს ლატვიური ლიეპაია, 27 იანვარს 1:2 დამარცხდნენ სერბულ ვოივოდინასთან, 30 იანვარს 1:0 სერბულ პროლეტერს მოუგეს, 2 თებერვალს კი პოლონურ პიასტთან ფრედ 2:2 ითამაშეს. მეორე შეკრება ზორიამ 9 თებერვალს ტაშკენტის ლოკომოტივთან 1:0 გამარჯვებით გახსნა. შემდეგ იყო ორი მარცხი იდენტური ანგარიშით 0:1, შესაბამისად 12 თებერვალს შვედურ კალმართან და 14 თებერვალს უზბეკურ სოგდიანასთან. 16 თებერვალს უგოლო ფრე ყარაგანდის შახტიორთან და 17 თებერვალს 3:4 მარცხი პოლონურ ტერმალიკასთან.

გუნდს 2011 წლიდან უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი და ვეტერანი ფეხბურთელი - იური ვერნიდუბი ხელმძღვანელობს. საბჭოთა პირველობის შემდეგ დინამო და ზორია ერთმანეთს პირველად 2011 წლის ზამთარში შეხვდნენ და მეტოქემ 2:1 იმარჯვა. იმავე წლის ზაფხულში შეკრებაზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 2013- ში ზორიამ 4:0 იმარჯვა. 2017 წლის ზაფხულში, სლოვენიაში გამართულ შეკრებაზე შეხვდნენ და ფრედ 1:1 დაცილდნენ. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს შარშან 25 იანვარს თურქულ შეკრებაზე შეხვდნენ და მეტოქემ 3:0 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024