• Geo
  • Eng
15.02.2019
დინამომ ლიეპაიაც დიდი ანგარიშით დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა დედაქალაქურმა გუნდმა დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ლატვიურ ლიეპაიას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში ბალტიისპირელებმა მატჩის დებიუტში საეჭვოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ გახსნეს. თბილისელებს მცირე დრო დასჭირდათ სტატუს ქვოს აღსადგენად. მე- 14 წუთზე გიორგი ზარიას ზუსტი გადაცემით ფრან კარბიამ ისარგებლა. ათიოდე წუთში ლევან შენგელია ამწვავებდა თამაშს, საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ნახევარი საათის თავზე ლევან კუტალიას შეეძლო დინამოს წინ გაყვანა, მან კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მეტოქის კარისკენ შეუცვალა მიმართულება, ბურთი კი ოდნავ აცდა მიზანს. პირველი ტაიმის ბოლოს დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს, თუმცა მსაჯმა მანამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მეორე ტაიმის დებიუტში გიორგი კუხიანიძემ ნოდარ იაშვილის პასი მიიღო და ლიეპაიას კარისკენაც დაარტყა, თუმცა გოლკიპერს ვეღარ აჯობა. ლურჯ-თეთრებმა ანგარიშში დაწინაურება 65- ე წუთზე მოახერხეს, ლევან შენგელიას ჩამოწოდებული კუთხური ანტონიო როხანომ უძლიერესი თავურით შედეგიანად დაასრულა. ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ჩვენი გუნდის ხელში გადავიდა. 79- ე წუთზე ნიკა ნინუას უზუსტესი გადაცემა და მიხეილ ერგემლიძე ერთი შეხებით ანგარიშს 3:1 ხდის. ათიოდე წუთში ფრან კარბიას მწვავე გარღვევა, ესპანელმა შეტევაში ჩართული დმიტრო ივანისენია მოძებნა, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა. მატჩში მონაწილეობა მცირე ტრავმის გამო თორნიკე ძოწენიძეს არ მიუღია. დინამოელები მომდევნო შეხვედრას ლუგანსკის ზორიასთან 19 თებერვალს ჩაატარებენ.

 

დინამო 4:1 ლიეპაია

გოლი: 0:1 კელტა (პენ) 7’  1:1 კარბია 14’  2:1 როხანო 63’  3:1 ერგემლიძე 78’  4:1 ივანისენია 88’

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია (ნოჩე 46), მეჯუბი (ივანისენია 77), მონხილი (კობოური 74), იაშვილი (გაბიტაშვილი 77), ზარია (პაპავა 46), კუხიანიძე (ქარდავა 60), შენგელია (ნინუა 77), შულაია (ერგემლიძე 69), კარბია, კუტალია (როხანო 46)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024