• Geo
  • Eng
31.10.2018
31 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დღეს დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. 70- ე ქართული დერბი 20.00 საათზე დაიწყება.

31 ოქტომბერს თბილისელებს 11 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებიათ. 7 გამარჯვება 3 მარცხის წილ. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 19/10 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1959 წელს დინამომ კუიბიშევში კრილია სოვეტოვს 2:1 აჯობა. თავის გამოჩენა ზაურ კალოევმა და მიხეილ ზეინკლიშვილმა მოახერხეს. 1963 წელს მოსკოვში სეხნიებმა დაამარცხეს ჩვენი გუნდი 2:0. 1965 წელს მიშა მესხის გოლით ოდესის სკა 1:0 დავამარცხეთ. 1980 წელს მტკვრისპირელები ლენინგრადში ზენიტთან 2:3 დამარცხდნენ. გოლების გატანა ალექსანდრერ ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ მოახერხეს. მომდევნო წელს ასევე დავმარცხდით. მოსკოვში ცსკამ 1:0 გვაჯობა. 1987 წელს დინამოს სტადიონზე რამაზ შენგელიამ ჰეთ თრიქი შეასრულა და ხარკოვის მეტალისტს 3:1 მოვუგეთ. ასევე 3:1 იმარჯვა ჩვენმა გუნდმა მომდევნო სეზონში. კახი გოგიჩაიშვილისა (ორი) და მამუკა ფანცულაიას გოლებით დინამომ ალმათის კაირათი დაამარცხა.

1995 წელს დინამომ ლანჩხუთში ადგილობრივი გურია დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. კახი გოგიჩაიშვილმა ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, ერთი გოლი კი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა. 1998 წელს მტკვრისპირელებმა რიონისპირელებს უმასპინძლეს და მიხეილ აშვეთიას გოლით 1:0 აჯობეს ტორპედოს. 2010 წელს ჩვენი გუნდისა და რუსთავის ოლიმპის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი თბილისელთაგან ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა. 2012 წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის მეტალურგი 3:0 დაამარცხა. გოლები ჯაბა დვალმა, გიორგი მერებაშვილმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024