• Geo
  • Eng
24.07.2012
დინამო - ფენერბაჰჩე მატჩის შემდეგ

დინამოელებმა სლოვენიურ შეკრებაზე მორინგი სპარინგი თურქეთის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან კლუბთან ფრედ 0:0 დაასრულეს. დირკ კუიტს, ალექსს და თურქული გრანდის სხვა ცნობილ ვარსკვლავებს დინამოელებმა არაფერი დაუთმეს. მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელს- დუშან უჰრინს და დინამოს ფეხბურთელებს- გიორგი ლორიას და ლევან ხმალაძეს ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი– პირველ ტაიმში ფაქტიურად 15 წუთის შემდეგ დავიწყეთ თამაში. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და არ მინდა ვინმე გამოვყო. ეს უბრალოდ მოსამზადებელი შეხვედრა იყო და შეიძლება წაგვეგო ან მოგვეგო კიდეც. საინტერესო და რთული თამაში იყო. შეხვედრის ბოლო 20 წუთი ბევრად უკეთ ჩავატარეთ. პირველ ნახევარში უფრო ნელა ვმოქმედებდით. ფენერბაჰჩეს ძალის გათვალისწინებით, კარგი შედეგი იყო, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

გიორგი ლორია– კარგი სპარინგი იყო. ფაქტიურად ახალი გუნდი ყალიბდება და მწვრთნელმა დაინახა ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოჩნდა სად გვჭირდება გაძლიერება. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და შედეგი ალბათ ჩვენთვის უფრო მისაღები გახლდათ.

ლევან ხმალაძე– სეზონისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის და ასეთ დროს მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხიც და შედეგიც. კარგია, რომ შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს თამაში. მსგავსი შეხვედრები საჭირო კონდიციების მიღწევაში და გამოცდილების თვალსაზრისითაც ძალიან გვეხმარება. მეტოქის ძალიდან გამომდინარე ცხადია თამაშით გვაჯობეს, მაგრამ ვცდილობდით არაფერი დაგვეთმო და ვფიქრობ შედეგით არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024