დინამოელებმა პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსანთან - არსენალ ტულასთან ჩაატარეს და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვეს. მატჩი თბილისელეთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მეექვსე წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა კარგად, ძლიერადაც დაარტყმა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს ივარგა. დასწრებაზე ბაქარ ქარდავა ურტყავდა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის შუაში ზივზივაძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ზუსტი პასიც გააკეთა, ლევან ხარაბაძეს კი არსენალის მცველმა წამის მეასედში დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომდევნო შეტევაში დედაქალაქელებს კიდევ ერთხელ მართებდათ გოლის გატანა. ჩამოწოდებულ ბურთზე დავით კობოურმა მაღალ ნახტომში ითამაშა, მისი თავური სანტიმეტრებში აცდა მეთოფეთა კარს. საბოლოოდ პირველმა ტაიმმა დინამოს უპირატესობით ჩაიარა. გოლის გატანა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს. 63- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის პასით ოთარ კიტეიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. თამაშის ბოლოსკენ არსენალის ფეხბურთელებს ჰქონდათ ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
დინამომ დაასრულა პირველი შეკრება. ფეხბურთელები ხვალ თბილისში დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს ესტუმრებიან მეორე შეკრების გასავლელად.
დინამო 1:0 არსენალი
გოლი: 1:0 კიტეიშვილი 63’
დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ლუცევიჩი, ქარდავა (კუცია 46), ივანისენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი (ნინუა 88), ხარაბაძე (ერგემლიძე 90), ზივზივაძე
არსენალი: ლევაშოვი (ბერეზინი 46), დენისოვი (ბელიაევი 67), ხაგუში (კომბაროვი 46), ნოვოსელცევი, ალექსანდროვი (ალვარესი 67), ივაკინი, ბურანოვი (ჩაუშიჩი 67), აჯოევი (კანგვა 46), ტკაჩოვი (გორბატენკო 61), ძიუბა, მაქსიმოვი (ჯორჯევიჩი 67)