• Geo
  • Eng
13.02.2017
დინამო კახა კაჭარავას ჩააბარეს

დინამო თბილისის პრეზიდენტის- რომან ფიფიას გადაწყვეტილებით დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან კახა კაჭარავა უხელმძღვანელებს. ის გუნდს ხვალ დილით შეუერთდება თურქეთში, სადაც ჩვენი გუნდი მეორე წინასასეზონო შეკრებას გადის. რომან ფიფია ასევე შეხვდა დინამო თბილისის ფან-კლუბის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააცნო გუნდში შექმნილი სიტუაცია, აუხსნა ვიაჩესლავ გროზნის წასვლის მიზეზები და ასევე აცნობა მისი გადაწყვეტილება ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით. ფან-კლუბის წევრები მიესალმნენ პრეზიდენტის არჩევანს.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას აქვს დინამოელთა მწვრთნელობის გამოცდილება. ის 2006, 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა დედაქალაქურ გუნდს. ასევე აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში დინამოს ლურჯ-თეთრი მაისური 97- ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.

დინამოელები ხვალ ბელეკში მეორე შეკრების პირველ საწვრთნელ მატჩს უკრაინული ვოლინის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024