• Geo
  • Eng
28.01.2017
დინამომ დნიპრო დაამარცხა

დინამო თბილისმა თურქული შეკრების მეორე სპარინგ მატჩი დნიპროს წინააღმდეგ გამართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრას, მთელი მატჩის მანძილზე ძლიერი ქარი ერთვოდა თან. მატჩი დნეპრელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე მაქსიმ ლუნიოვი ძლიერი დარტყმით დაემუქრა გიორგი ბეგაშვილის კარს. ცოტახანში კი უკვე თბილისელებმა შეუტიეს აქტიურად და ეფექტურად. გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა მეტოქის საჯარიმოსთან კარგად, ბურთი ბაჩანა არაბულს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საბა ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ზუსტი და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. გოლის შემდეგ ორივე გუნდმა მშვიდად გააგრძელა მატჩი. 25- ე წუთზე დნიპრომ აღადგინა წონასწორობა. შეტევის მარცხენა ფრთაზე ლუნიოვმა ითამაშა კარგად და შედეგიანი დარტყმითაც გამოირჩა. ამ მომენტიდან ათ წუთში თბილისელება კონტრშეტევაზე დაიჭირეს მეტოქე, საბა ლობჟანიძე პირისპირ გავიდა ოლექსი ბაშტანენკოსთან, ძლიერადაც დაარტყა დინამოელმა შემტევმა, მაგრამ კიპერმა მოახერხა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. ამ ეპიზოდიდან ტაიმის ბოლომდე დინამო ფლობდა სათამაშო უპირატესობას. მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი გველესიანი გამოჩნდა, რომელის დაცვის ცენტრში ლაშა თოთაძეს შეუწყვილდა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნახევრის პირველმა ათმა წუთმა უკრაინელთა სრული ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა. ეს ფორა კი მათ ვერ გამოიყენეს და 55- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, საბა ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა და დინამოელები ისევ დააწინაურა. ხუთიოდე წუთში სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ჩვენი მეტოქის კარის მიმართულებით. ლაშა თოთაძემ ძლიერად გაისროლა ბურთი, რომელიც მეკარემ ვერ შეინარჩუნა ხელებში, დამატებაზე კი ბაჩანა არაბულმა ითამაშა ზუსტად და ანგარიში 3:1 გახადა. 63- ე წუთზე თბილისელებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და ფაქტობრივად შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს. ტექნიკურ საგოლე კომბინაციაში გიორგი პაპუნაშვილმა, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და ბაჩანა არაბულმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე ტაიმის შუაში ვიაჩესლავ გროზნიმ მოედანზე დავით კობოური, ბექა მიქელთაძე, გიორგი ზარია, საბა თავაძე და ნიკა ნინუა შემოუშვა. მატჩის 68- ე წუთზე დნეპრელებმა შედეგიანად დაასრულეს თავიანთი შეტევა. გოლი თბილისელთა კარში არტიომ დოვბიკმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ცოტახანში ოთარ კიტეიშვილის კიდევ ერთხელ შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქის კიპერს ვეღარ აჯობა. საბოლოოდ დინამომ 4:2 დაამარცხა დნიპრო. მომდევნო მატჩს თბილისელები 1 თებერვალს მაკედონიური სილექსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

გუნდის ახალწვეულს- ალექსანდრე გამცემლიძეს შეკრების დასაწყისშივე ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ის თბილისში გაემგზავრა სადაც საბოლოო დიაგნოზისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

 

დინამო  4:2  დნიპრო

გოლი: 1:0 ლობჟანიძე 7’  1:1 ლუნიოვი 25’  2:1 ლობჟანიძე 55’  3:1 არაბული 61’  4:1 არაბული 63’  4:2 დოვბიკი 68’

 

დინამო: ბეგაშვილი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ჩადუნელი, შერჩევაზე მყოფი ფეხბურთელი, ქარდავა, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, არაბული

შეცვლაზე შემოვიდნენ: გველესიანი, ზარია, მიქელთაძე, კობოური, თევზაძე, კუცია, თავაძე, ნინუა

დნიპრო: ბაშტანენკო, ვლადი, საფრონოვი, ნაგიევი, ლოპირიონოკი, გომენკო, კოჩერგინი, კოგუტი, ვაკულკო, ლუნიოვი, ბალანიუკი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024