• Geo
  • Eng
25.10.2016
დინამო თბილისს ვიაჩესლავ გროზნი გაწვრთნის

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი გუნდის პრეზიდენტის მრჩეველმა- ლევან სალუქვაძემ დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი- ვიაჩესლავ გროზნი წარადგინა. თანამშრომლობა 3 წელზეა გათვლილი, კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა. ვიაჩესლავ გროზნის ჩამოსვლა თავდაპირველად იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, გუნდთან უკეთესი ადაპტაციისათვის ეს რამდენიმე თვეც დაემატა. დინამომდე ვიაჩესლავ გროზნი უჟგოროდის ჰოვერლაში მუშაობდა. მანამდე კი გამოცდილ მწვრთნელს მეტალურგი ზაპოროჟიეში, ნივაში, მოსკოვის სპარტაკში, სოფიის ლევსკში, კიევის არსენალში, გროზნოს ტერეკში და ტობოლში უმუშავია. კლუბში მყოფ სტაფთან ერთად ასევე იმუშავებენ მწვრთნელის ასისტენი- ოლეკსი ველიჩკო, ფიზ. მომზადების მწვრთნელი- ალექსეი სკორპანი და ექიმი- ანდრი კოლოსოვი.

ვიაჩესლავ გროზნი: მოხარული ვარ ასეთ სახელოვან, ტრადიციულ და ამბიციურ კლუბში მოხვედრით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რომან ფიფიას, რომელიც ამ კლუბის წარმატებისთვის არაფერს იშურებს. აქ ფეხბურთელის მოსამზადებლად შეუდარებელი გარემოა და კლუბში მომსახურე პერსონალიც ძალიან მონდომებულია. წინ დიდი შრომა გველის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა დინამო თბილისის მწვრთნელობა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024