• Geo
  • Eng
16.07.2012
სტუმრობა დინამოს ბაზაზე

დღეს დიღომში დინამოს საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო შეხვედრა და მატჩი გაიმართა. ჩვენმა კლუბმა უმასპინძლა საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას, წეროვანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად. დინამოს ასევე ყატარის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ხელმძღვანელები სტუმრობდნენ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებმა დინამოს საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს. შემდეგ კი გაიმართა მატჩი დინამოს აკადემიისა და წეროვანის ბავშვთა სახლის ფეხბურთელების მონაწილეობით. გუნდებმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებული ფორმებით იასპარეზეს. ლურჯ–თეთრების შეხვედრა ლურჯების გამარჯვებით, ანგარიშით 7-4 დასრულდა.

თამაშის შემდეგ დინამოს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ. მასპინძლებმა ბავშვებს დინამოს ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საღამო საზეიმო ვახშამით დასრულდა.

ნათია ლოლაძე (საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი)– დღეს დინამო თბილისს სტუმრობენ ყატარის წითელი ნახევარმთვარის გენერალური მდივანი- სალეჰ ალი ალ მუჰანადი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელძღვანელი- დოქტორი ოუსედიკ ფავზი. გვქონდა საინტერესო შეხვედრა დინამოს პრეზიდენტთან, ბატონ რომან ფიფიასთან და კლუბის წარმომადგენლებთან. ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს მომავალი თანამშრომლობის შესახებ. დინამოს წარმომადგენლობა მომავალში მიწვეულნი არიან ყატარში.

სალეჰ ალი ალ მუჰანადი (ყატარის წითელი ნახევარმთვარის გენერალური მდივანი)- პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ წითელ ჯვარსა და სკ დინამო თბილისს. მომავალში ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ვგეგმავთ. ჩვენი ურთიერთობების მთავარი მიზანი არის ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ასეთ დიდ კლუბში სტუმრობით და აქაური გარემოთი.

რომან ფიფია (დინამოს პრეზიდენტი)– დღევანდელი ვიზიტი ფრიად საინტერესო გამოდგა, რაც უფრო მეტ ბავშვი იქნება სპორტულად აქტიური და აირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მით უკეთესი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ წითელ ჯვართან ურთიერთობას. სტუმრებისგან მივიღეთ მიპატიჟება და ჩვენი ურთიერთობების მომავალში გაგრძელების სურვილი.

 

დღევანდელი სტუმრობის ფოტორეპორტაჟის სანახავად ეწვიეთ დინამოს Facebook-ის გვერდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024