• Geo
  • Eng
21.07.2016
26 ივლისი დინამოს ისტორიაში

სამშაბათს 26 ივლისს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრას ხორვატიაში ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქე ზაგრების დინამო გახლავთ, დაპირისპირება კი მაქსიმირის სტადიონზე შედგება.

26 ივლისს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. სამი თამაში დინამომ მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ორჯერ მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 16/9 თბილისელთა სასარგებლოდ.

1940 წელს ჩვენი გუნდი ლენინგრადში ადგილობრივ სეხნიას დაუპირისპირდა და საყაიმო ანგარიშით 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ვიქტორ ბერეჟნოის ანგარიშზეა. ათი წლის შემდეგ დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვს უმასპინძლა და 3:1 აჯობა სტუმრებს. დუბლი რევაზ მახარაძემ შეასრულა, ერთი გოლიც ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანა. 1953 წელს ჩვენმა გუნდმა საკუთარ არენაზე მოსკოვის ლოკომოტივი მიიღო და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა. გოლები ავთანდილ ღოღობერიძემ, ავთანდილ ჭკუასელმა და ნუკრი სიხარულიძემ გაიტანეს. 1958 წელს დინამო მოსკოვში დამარცხდა ადგილობრივ სპარტაკთან ანგარიშით 2:5. ორივე გოლი კონსტანტინე გაგნიძის ანგარიშზეა. 1974 წელს ვოროშილოვგრადის ზარიამ თავის კედლებში მოიგო 2:1. თბილისური გუნდიდან თავი გივი ნოდიამ გამოიჩინა.

2003 წელს დინამომ თბილისის სპარტაკს დიდი ანგარიშით 6:0 მოუგო. ჰეთ თრიქი ლადო ახალაიამ შეასრულა, დუბლი კი ალექსანდრე გოგობერიშვილმა. ერთი გოლიც ლევან მელქაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024