• Geo
  • Eng
19.07.2016
დინამო ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდშია

დღეს ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა. დინამო ალაშკერთთან სათამაშოდ მოედანზე ორბურთიანი ფორით გავიდა. მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 3 წუთზე ოთარ კიტეიშვილის სახიფათო გარღვევას ჯარიმა მოჰყვა მასპინძელთა კარის მიმართულებით. მისივე დარტყმული საჯარიმო კი არაზუსტი გამოდგა. ორიოდე წუთში უკვე ვახო ჭანტურიშვილმა ითამაშა ლამაზად, ტექნიკური ფინტით ჩამოიცილა მცველი, მაგრამ ზუსტად ვეღარ დაარტყა. მე- 10 წუთზე ალაშკერტის ფეხბურთელებმა შეუტიეს სახიფათოდ, მაგრამ ბოლო წამს რენე სანტოსმა ითამაშა ზუსტად და განმუხტა სიტუაცია. დინამოელებმა უფრო მოუმატეს შეტევებს, რასაც ლაშა პარუნაშვილის და ოთარ კიტეიშვილის სახიფათო დარტყმები მოჰყვა. 21- ე წუთზე კი რესპუბლიკურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლიც იხილა. ლაშა დვალიშვილმა იაქტიურა შეტევის მარცხენა ფლანგზე, შეიჭრა საჯარიმოში და სახიფათოდ ჩააწოდა, მეკარემ ვერ მოახერხა ბურთის ხელებში შენარჩუნება, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა ივარგა და დინამო დააწინაურა. ათ წუთში გიორგი ქვილითაიას მართებდა გატანა, მაგრამ ოდნავ დააგვიანა და მის დარტყმულს მცველი გადაეღობა. პირველი ტაიმი ასევე დასრულდა.

მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევით განახლდა. ხუთ წუთში ჩვენმა გუნდმა კუთხურიდან ბურთი მოაწოდა, გიორგი ქვილითაიამ დასწრებაზე თავით ითამაშა, ბურთი კი სულ მცირედით აცდა კარის დაუცველ კუთხეს. მომდევნო შეტევაში კი გიოზალიანმა ითამაშა სწრაფად და აღადგინა წონასწორობა 1:1. ტაიმის შუაში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე აღარ მისულა. 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმით გაგზავნა კასპაროვის კარისკენ. ალაშკერტი გაშვებული გოლისგან კარის ხარიხამ იხსნა. მატჩის დამატებულ მეორე წუთზე ჯაბა ჯიღაურის სახიფათო დარტყმა არის აღსანიშნავი და შეხვედრაც დასრულდა. დინამომ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა ალაშკერტი და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.ხვალ კი დინამოელთა მეტოქე გაირკვევა- ზაგრების დინამო სკოპიეს ვარდარს უმასპინძლებს.

 

ალაშკერტი  1:1  დინამო

გაფრთხილება: იედიგარიანი 54’ ჭელიძე 54’ გრიგორიანი 58’ კვირკველია 70’

გოლი: 0:1 ჯიღაური 21’  1:1 გიოზალიანი 51’

 

ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი, მურადიანი, დაშიანი (ღაზარიანი 76), კვეკვესკირი, იედიგარიანი არტაკი, მინასიანი, იედიგარიანი არტური (მელქონიანი 65), გრიგორიანი (ვერანიანი 84), გიოზალიანი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, ჭელიძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჭანტურიშვილი (კურიე 84), დვალიშვილი, ქვილითაია (ცინცაძე 62)

 

მსაჯი: მოჰამედ ალ-ჰაკიმი (შვედეთი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024